პაატა იმნაძე - სასწრაფოს ექიმი მორიგეობის დროს ვერ იქნებოდა ინფიცირებული, თუმცა მეთვალყურეობა მიმდინარეობს ყველაზე, ვინც კონტაქტში იყო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სასწრაფოს ექიმი მორიგეობის დროს ინფიცირებული ვერ იქნებოდა.
მისივე თქმით, შემთხვევა ოჯახურ კონტაქტს უკავშირდება.
იმნაძის განმარტებით, ამის მიუხედავად, მონიტორინგი ხორციელდება ყველა პირზე, ვისაც ექიმთან შეხება ჰქონდა.
ამ კომენტარით იმნაძემ უპასუხა მედიის კითხვას, რომლის თანახმადაც, „უწევთ თუ არა მონიტორინგს იმ 11 ოჯახს, სადაც ინფიცირებული ექიმი ბოლო მორიგეობისას, 31 მარტს იმყოფებოდა“.
„დავაზუსტოთ, ამ შემთხვევაში ეს ექიმი არ არის სამედიცინო პერსონალის დასნებოვნების ფაქტი, ეს არის ჩვეულებრივი საოჯახო კლასტერი, რაც წამყვანია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის საოჯახო კლასტერები, ანუ დაავადებულთა უმრავლესობა არიან ერთი ოჯახის წევრები. აქედან გამომდინარე, ეს შემთხვევაც არის როგორც ოჯახური კონტაქტი და არა როგორც სამედიცინო საქმიანობისას, ანუ პროფესიული კონტაქტის დროს დასნებოვნებული ადამიანი. ეს მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ის მორიგეობის დროს ვერ იქნებოდა ინფექცირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაზე, ვინც იყო კონტაქტში, მიმდინარეობს მეთვალყურეობა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.