პაატა იმნაძე - სადაც ნაკლებად იცრებიან, იქ ყველგან არის წითელა
პაატა იმნაძე - სადაც ნაკლებად იცრებიან, იქ ყველგან არის წითელა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ წითელას ვირუსული დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება არის აცრა. ამის შესახებ მან პირველ არხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების სამეულშია, სადაც წითელას ინფექციური ვირუსული დაავადებაა გავრცელებული.

„სადაც ნაკლებად იცრებიან, იქ ყველგან არის წითელა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, წელს საქართველოში წითელას 1 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ორი ფატალურად დასრულდა, გარდაიცვალა 3 წლის ბავშვი და 16 წლის მოზარდი. ძირითად რისკ ჯგუფს ერთ წლამდე  ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები წარმოადგენენ.

„აცრების გარდა, წითელას არაფერი გააჩერებს. განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო ქალბატონებს, რომლებიც ახლო მომავალში შვილის გაჩენას აპირებენ, აუცილებლად აიცრან დაფეხმძიმებამდე წითელა-წითურაზე. ამით ისინი ნაყოფს დიდი რისკისგან დაიცავენ, რომ ახალშობილების პერიოდში ბავშვები ავად არ გახდნენ. ძირითადად ამ ვირუსით ავად ხდებიან 20-დან 40 წლამდე პირები და ერთ წლამდე ასაკის ბავშვები, რადგან ერთი წლის ასაკში მათ გეგმური აცრა უწევთ. ავცრათ ბავშვები, აიცრან ახალგაზრდებიც და ამით წითელა დამარცხდება, სხვანაირად წითელა არ გაჩერდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ წითელას რისკი მთელ საქართველოში არის.

„ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გაიკეთონ აცრა, რომელიც არის უფასო და ხელმისაწვდომი ყველა პოლიკლინიკაში“, – განუცხადა პირველ არხს პაატა იმნაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ქვეყნების ათეულში, სადაც  წითელას ინფექციური ვირუსული დაავადებაა გავრცელებული, პირველ ადგილზე არის სერბეთი, მეორეზე უკრაინა, ზოლო მესამეზე საქართველო.