პაატა იმნაძე - ტესტებზე მოლაპარაკებას მართავს მთავრობა, როდესაც სახელმწიფო გაძლევს ტესტს, მას სხვა გარანტია აქვს, ბაზარზე მოპოვებულს კი, მაღალი რანგის შესწავლა სჭირდება
ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ყველასი, ვინც კერძო სექტორში შეძლებს და შემოიტანს ტესტებს, რომლებიც, პირველ რიგში, ვალიდური იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
ამასთან, პაატა იმნაძის თქმით, ის გაეცნო მსოფლიოში სხვადასხვა მწარმოებლის რამდენიმე ტესტს და მათი უმრავლესობა არ აკმაყოფილებს შესაბამის ელემენტარულ სტანდარტებს.
„მე პირადად უკვე გავეცანი მსოფლიოში სხვადასხვა მწარმოებლის 15 თუ 16 ტესტს, სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს, რომკებსაც ტესტები უნდა აკმაყოფილებდეს, არ ჩავუღრმავდები დეტალებს, პროფესიული მგრძნობელობა იქნება, თუ რამდენ ნიმუშზეა გატესტილი წარმოებაში ჩაშვებამდე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს.
„ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოგახსენათ, რომ მოლაპარაკებები მიდის სამთავრობო დონეზე, რაც გარანტიას იძლევა, რომ ქვეყანა როდესაც გაძლევს ტესტს, მას სხვა გარანტია აქვს, როდესაც ბაზარზე მოიპოვებ რაღაც ტესტს, ამას ძალიან მაღალი რანგის შესწავლა სჭირდება, რადგან უკვე არის მსოფლიოში გამოცდილება, რომ ე.წ ფეიქტესტები იწყება, აღმოსავლეთ ქვეყნები გამოირჩევა ამით, რომ უცებ მოერგებიან ბაზრის საჭიროებებს და შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს უხარისხო ფეიქტესტები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჩინეთის რესპუბლიკამ საჩუქრად გამოყო ათასი ტესტი, რომელიც საქართველოში შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება.