პაატა იმნაძე - ორი-სამი კვირის წინ ქართულმა მედიამ მე გამომიყვანა ანტივაქსერად
ჩინეთის „სიდისის“ დირექტორი მედიამ ზუსტად იმავე დღეში ჩააგდო, როგორც ქართულმა მედიამ მე გამომიყვანა ანტივაქსერად, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„ორი-სამი კვირის წინ ქართულმა მედიამ მე გამომიყვანა ანტივაქსერად. მედიას დღეს ყველაფერი შეუძლია. ჩინეთის „სიდისის“ დირექტორს რაც არ უთქვამს, იმის ინტერპრეტაცია გააკეთეს ისე, თითქოს, ეს თქვა. არადა, იმ კაცმა ძალიან გასაგებად თქვა, რომ სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა კვლევაში აქვს ეფექტიანობის სხვადასხვა მაჩვენებელი და ამიტომ, მსოფლიო მეცნიერებმა უნდა იფიქრონ, როგორ შეიძლება ამ ეფექტიანობის მაჩვენებლების ერთმანეთთან შედარება. ხომ არ იქნება საჭირო ვთქვათ, დოზირებების, ჯერადობების შეცვლა, ვაქცინების ურთიერთჩანაცვლებადობაზე ლაპარაკიო. ის ძალიან მეცნიერულ საკითხებზე ლაპარაკობდა და ისე უთარგმნეს, თითქოს, ამბობდა, რომ ჩინურ „სინოფარმს“ დაბალი მაჩვენებელი აქვს. აი, ეს აუგორეს მედიაში, რომლის უარყოფაც ძალიან მალე გამოქვეყნდა“, – განაცხადა იმნაძემ.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, ევროპელი კოლეგები, რომლებსაც ვაქცინების მოხმარების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ, ამბობენ, რომ ჩინურ ვაქცინას გვერდითი მოვლენები სამი-ოთხჯერ ნაკლები აქვს, ვიდრე სხვა ვაქცინებს.
„ბევრისაგან განსხვავებით, ჩემთვის „ფაიზერის“ ვაქცინა, „ასტრაზენეკასი“ თუ ჩინური, ყველა ერთი და იგივეა. ყველა ეს ვაქცინა არის ვაქცინა, რომელიც „კორონასგან“ დაგვიცავს. ჩემი მიდგომა ასეთია – შენ ან გჯერა ვაქცინების, ან არ ხარ ვაქცინების მომხრე. ჩემთვის ყველა ვაქცინა ერთნაირია. მსოფლიო პრესა ბევრს წერს იმაზე, თუ რა ხდება ამ სავაქცინო ომებში. ასეთი ტერმინიც გაჩნდა მსოფლიოში. შეგიძლიათ, მოიკითხოთ მსოფლიო პრესა რას წერს, როგორ არის, რა ხდება და რატომ ხდება. ასე რომ, მოდით, ასე ვთქვათ – ვაქცინების ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ“, – განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციაზე მიმართვიანობა საკმაოდ კარგია, რაც მისასალმებელია.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი თაობის ადამიანებს მადლობა გადავუხადო, რადგან მათი მხრიდან ძალიან კარგი აქტიურობაა, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში და დიდი იმედი მაქვს, ეს აქტივობა მთელ საქართველოზე გავრცელდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.