პაატა იმნაძე - მნიშვნელოვანია, დაცული იყვნენ მოქალაქეები დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან, ამ მხრივ „სინოვაკის“ ვაქცინა ბაზარზე არსებულ სხვა ვაქცინებს არაფრით ჩამოუვარდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა განკუთვნილია 18 წელს ზემოთ ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის.
გარდა ამისა, პაატა იმნაძემ განმარტა, თუ სად და როგორ მიმდინარეობდა „სინოვაკის“ ვაქცინის ეფექტურობის შესწავლა.
„ძალიან ფართომასშტაბიანი კვლევებია ჩატარებული თვითონ ჩინეთში, ასევე ბრაზილიაში, ინდონეზიაში, თურქეთში, ჩილეში, ათასობით ადამიანი მონაწილეობდა მესამე ფაზის კვლევებში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისგან დაცვის ეფექტურობა ამ კვლევების მიხედვით მერყეობს 85 პროცენტიდან თითქმის 100 პროცენტამდე. ანუ, იცავს ადამიანს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე მიმდინარეობისგან. ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და მძიმე მიმდინარეობისგან იყვნენ გარანტირებულად დაცული, ამ მხრივ ეს ვაქცინა არაფრით ჩამოუვარდება ბაზარზე არსებულ სხვა ვაქცინებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
იმნაძის თქმით, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინები გამოირჩევა იმით, რომ მათი გვერდითი მოვლენები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ავქცინების.
„რაც ყველა სხვა ვაქცინას აქვს, შესაძლოა, იყოს ნანემსარის ადგილის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე, კუნთების ტკივილი. ჩვეულებრივ მსუბუქია ეს მოვლენები, ასევე ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერ ვაქცინაზე ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სამედიცინო პროდუქტზე ან გარემოს ფაქტორზე, თუმცა უკიდურესად იშვიათია მძიმე ალერგიული რეაქციები, ეს არის ძალიან, ძალიან იშვიათი მოვლენა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
გარდა ამისა, პაატა იმნაძემ ისაუბრა, ვისთვის არ არის რეკომენდებული აცრა.
„ისევე როგორც ყველა სხვა ვაქცინის შემთხვევაში, არის დროებითი უკუჩვენება, თუ ადამიანს აქვს მწვავე დაავადება, 38 ნახევარზე მეტი ტემპერატურა, ამ დროს რა თქმა უნდა, ადამიანი არ იცრება, ეს არის დროებითი უკუჩვენება. თუმცა, ამ ვაქცინის ინსტრუქციის მიხედვით, არის გარკვეული უკუჩვენებები, მაგალითად, ეს არის არაკონტრილირებადი დეკომპენსირებული ქრონიკული დაავადებები, განსაკუთრებით გარკვეული ნევროლოგური დაავადებები, რომლებიც არაკონტრილირებადი და პროგრესირებადია. პრინციპში, აქედან გამომდინარე, წინააღმდეგ ჩვენებაში ეს ყველა ვაქცინას უწერია.
გასაგებია, რომ თუ რაღაც მძიმე ალერგიული რეაქცია იქნება ვაქცინის პირველ დოზაზე, ადამიანმა აღარ უნდა მიიღოს იმ ვაქცინის მეორე დოზა, ამ შემთხვევაშიც ასეა. თუ ადამიანმა იცის, რომ ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე ჰქონდა მძიმე ალერგიული რეაქცია, არ უნდა გამოიყენოს. არ ხდება მისი გამოყენება ორსულებში, მეძუძურ დედებში. ჩვეულებრივ, ინაქტივირებულ ვაქცინებს ეს წინააღმდეგ ჩვენება არ უწერიათ ხოლმე, ჩემი აზრით, მხოლოდ ჯერჯერობით უწერიათ ინსტრუქციაში, რადგან კვლევები არ არის ჩატარებული ორსულობის დროს და მეძუძური დედების შემთხვევაში, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი მდგომარეობის დროს არ ვურჩევთ აცრას, თუმცა თუ შემთხვევით ეს მოხდა, არ უნდა გახდეს არავითარი ჩვენება იგივე აბორტისა, არავითარ შემთხვევაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება.