პაატა იმნაძე - მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ შეგიძლიათ, თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, ჩაეხუტოთ ახლობლებს, თუ თქვენს გარემოცვაში ყველა აცრილია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორედ ჩატარებიდან ორ კვირაში ადამიანი უკვე სრულად იმუნურია.
როგორც იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ განაცხადა, ორჯერადად აცრილ ადამიანებს ასევე ორი დოზით აცრილთა გარემოცვაში ყოფნისას შეუძლიათ, რომ პირბადე მოიხსნან და თავისუფლად იყვნენ.
„მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, ძალიან თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც თქვენ გარშემო ყველა ორჯერ აცრილია, თქვენ უკვე შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ თქვენს ახლობლებთან ერთად, ჩაეხუტოთ მათ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მათთან ერთად იყოთ ერთ სუფრასთან. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ გარშემო ყველა იყოს ორჯერ აცრილი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.