პაატა იმნაძე მედპერსონალის ინფიცირებაზე - კიდევ მოხდება, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევები, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც დაფიქსირდა.
მისივე თქმით, მედპერსონალი ინფიცირების რისკის ქვეშაა და ასეთი შემთხვევები კიდევ მოსალოდნელია.
„რაც შეეხება მედპერსონალის დაინფიცირებას, ჩვენ ვიცით სამწუხარო რეალობა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, და ეს გასაგებიც არის, მედპერსონალი არის პირველი რისკის ქვეშ, ამიტომ ჩვენთანაც მედპერსონალის დაავადების შემთხვევები გვაქვს. მათ შორის არის, როგორც დამხმარე სამედიცინო პერსონალი, ასევე არის ექიმიც, საშუალო მედპერსონალი, ექთანიც. ეს კიდევ მოხდება, რადგან ყოველთვის ძალიან ძნელია ხოლმე ყველა იმ წესის ზედმიწევნით დაცვა, როდესაც მითუმეტეს გადაღლილია თანამშრომელი მუშაობით და ოდნავი დარღვევაც კი პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენაბაში შეიძლება გახდეს ინფიცირების წყარო. სამწუხაროდ, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია“ , – განაცხადა პაატა იმნაძემ.