დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახლა ყველასთვის მთავარია ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც აცრის შემდეგ გართულდა.
„პირველ რიგში, მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად, დღეს ყველასთვის ყველაზე მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად. სამწუხაროდ, ანაფილაქსიური რეაქცია თანმდევია არა მარტო ნებისმიერი წამლის ან ნებისმიერი ვაქცინის, არამედ როგორიც არის ვთქვათ ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენი. რაც შეეხება ვაქცინებს, დღეს აქ წარმოდგენილთა უმრავლესობა არის ის ხალხი, რომლებსაც ქართულ სამედიცინო საზოგადოებაში აქვთ თავისი დიდი სიტყვა ნათქვამი, ამათი უმრავლესობა აცრილი იყო, ამიტომ მე ვერ მივხვდი, ვის აქვს დაბალი ნდობა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ამასთან, პაატა იმნაძემ განმარტა, რომ საქართველოში ბოლო წლებში დანერგილი აქვთ 4-5 ახალი ვაქცინა და ვაქცინაციის პირველი დღეები შედარებით დაბალი აქტივობით გამოირჩევა, ხოლო აცრის პროცესში მოგვიანებით მეტი ადამიანი ერთვება.
ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება.
დღის ბოლოს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახალციხეში მომხდარი შემთხვევის მიუხედავად, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.