პაატა იმნაძე - ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც ექნება აღიარება
ჩვენთან არსებობს კანონი, კანონით გათვალისწინებულია, რომ ჩვენ შემოვიტანთ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ან ეგრეთ წოდებული, აღიარებითი რეჟიმი, ამაში არის დაახლოებით 35 ქვეყანა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“ და „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენებაზე.
„ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც ექნება აღიარება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ან რომელიმე იმ ქვეყნის, რომელიც არის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული. ჯერჯერობით ლაპარაკია მხოლოდ „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე.
სიძვირეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, საქართველოში ბავშვებისათვის გეგმური ვაქცინაციისთვის გამოიყენება ეგრეთ წოდებული, ექვსკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ყველაზე ძვირი ვაქცინა. მაგრამ იმისთვის, რომ ქართველ ბავშვებს ჰქონდეთ საუკეთესო ვაქცინა, ბოლო წლებში იმუნიზაციის პროგრამის ბიუჯეტი ქვეყანაში ოთხჯერ გაიზარდა, რათა ჩვენს ბავშვებს ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინები ჰქონდეთ, რაც კი არსებობს მსოფლიოში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.