პაატა დავითაია აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთ-ერთ ვერსიად ერთიან მაჟორიტარულ საარჩევნო სიას განიხილავს
პარტია „ევროპული დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის წინ საარჩევნო სისტემის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ.
მისივე თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არამხოლოდ მანდატების რაოდენობასა და საარჩევნო ბარიერის საკითხებს, არამედ მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარზე იმსჯელებენ.
„ბევრი ვარიანტია – 120/30-ზე, 135/15-ზე, ციფრები არ არის მარტო განხილვის საკითხი. აქ არის საარჩევნო ბარიერიც, მაჟორიტარების მანდატების რაოდენობაც. დღეს გვექნება საუბარი მოვლენების განვითარების ვარიაციებზე. თუ დარჩა სიტუაცია ისე, რომ ოპოზიცია არ წავიდა შეთანხმებაზე, მაშინ განვიხილავთ სიტუაციას, თუ როგორ იმოქმედებს ის. რა თქმა უნდა, მეხუთე რაუნდის შემდეგ ისევ შევიკრიბებით, განვიხილავთ შედეგებს და დავგეგმავთ მოქმედებების გეგმას“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ოპოზიციას მოქმედების რამდენიმე გეგმა აქვს. მათ შორის ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატების ერთიან ოპოზიციურ სიაზე შეთანხმებაა.
„საუბარი არის ერთიან ტექნიკურ სიაზე. ყველა ერთი სიით გავა არჩევნებზე, რათა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, შემდგომ კონსტიტუციური ცვლილება და ხელახალი არჩევნები. ბევრი ვარიაციაა. მე არ მინდა, გავუსწრო მოვლენებს. ვიტოვებ იმედს, ხელისუფლება გაითვალისწინებს ყველა ჩვენი პარტნიორის მოთხოვნას, ყველა იმ წერილს, ევროპის საბჭოს რეზოლუციას და კომპრომისი იქნება მიღწეული“, – აღნიშნა პაატა დავითაიამ.