საქველმოქმედო ფონდ ,,იავნანას” დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის დაკითხვა თებერვლის შუა რიცხვებისთვის გადაიდო.
ბურჭულაძის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, პაატა ბურჭულაძე მზად იყო საქართველოში დაკითხვის მიზნით 8 იანვრისთვის ჩამოსულიყო, თუმცა როგორც გაირკვა ამ დროისთვის დაკითხვის ორგანიზება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ვერ მოხდება.
,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უფლებას აძლევს მოწმედ დასაკითხ პირს, აირჩიოს გამომძიებელთან დაიკითხება თუ სასამართლოში. ამ შემთხვევაში ბატონმა პაატა ბურჭულაძემ აირჩია, დაკითხულიყო სასამართლოში, რის თაობაზეც 18 დეკემბერს წერილით მივმართეთ გამომძიებელს და შევატყობინეთ, რომ ბურჭულაძე მზად იყო ჩამოსულიყო თბილისში 8 იანვარს და წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე. თუ დაკითხვა 8 იანვარს ვერ შედგებოდა, ასეთ შემთხვევაში მას თბილისში შემდგომი ჩამოსვლა შეეძლო მხოლოდ თებერვლის შუა რიცხვებში“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
მისი განმარტებით, 4 იანვარს შეხვდა გამომძიებელს და შეთანხმდა, რომ პაატა ბურჭულაძე თებერვლის შუა რიცხვებისთვის დაიკითხება, თუმცა ზუსტი თარიღი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
საოპერო ვარსკვლავის და ფონდ ,,იავნანას” დამფუძნებლის დაკითხვა ფონდის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე იგეგმება.