ანგელა ვასილენკო - ფონდში 14 წელი ვმუშაობდი, მხოლოდ ორი წელი ვიღებდი ხელფასს, იმედი მაქვს, სიმართლე გაირკვევა
ანგელა ვასილენკო - ფონდში 14 წელი ვმუშაობდი, მხოლოდ ორი წელი ვიღებდი ხელფასს, იმედი მაქვს, სიმართლე გაირკვევა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ანგელა ვასილენკო გამოიკითხა.

როგორც ვასილენკომ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, გამოძიებას ფონდ „იავნანას“ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

„ბევრი კითხვა დამისვეს. ბუნებრივია, ფონდის შესახებ. გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე. ფონდში 14 წელი ვმუშაობდი, მხოლოდ ორი წელი ვიღებდი ხელფასს. ვიყავი დამხმარე და ვეწეოდი სამხატვრო ხელმძღვანელობის ნაწილს. მქონდა მოლაპარაკებები ადამიანებთან, რომლებიც აქ უნდა ჩამოსულიყვნენ და ჰქონოდათ კონცერტები. მაქვს იმედი, რომ სიმართლე გაირკვევა.

14 წელს თუ გავყოფთ ფრენის რაოდენობაზე, მიხვდებით, რომ ასე არაა. ეს ფული იყო პირადი და არა ფონდიდან. მაია პლისეცკაია, მონსერატ კაბალიე, ეს ხალხი აღარაა, ქართველებმა ფონდის მეშვეობით ნახეს.

შავი პიარით არიან დაკავებულები. ყველას გახსოვთ კონცერტები, ადამიანები ვისაც ვეხმარებოდით, ეს გაჩერდა შავი პიარის გამო. მე არ ვიტყვი ვის უშლის პაატა ხელს, ვის უშლის ხელს მისი ავტორიტეტი“,- განაცხადა ანგელა ვასილენკომ.

ანგელა ვასილენკო სასამართლოში 4 ოქტომბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყნიდან მისი გამგზავრების გამო გამოკითხვა არ შედგა.

მთავარ პროკურატურაში გამოძიება საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს.