პაატა ბურჭულაძემ კობა დავითაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო
პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილი ხელმძღვანელმა, პაატა ბურჭულაძემ კობა დავითაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო. საქმე პაატა ბურჭულაძის მხრიდან სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხება, რომლითაც კობა დავითაშვილს მისი მისამართით წილისმწამებლური განცხადების გაკეთებას ედავებოდა.
კერძოდ, 2018 წლის ივლისში გადაცემა „რეაქციაში“ კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ფინანსებს არამიზნობრივად ხარჯავდა და ითვისებდა, რასთან დაკავშირებითაც პაატა ბურჭულაძემ სასამართლოს მიმართა და სარჩელი აღძრა. ამ სარჩელით მან მოითხოვა კობა დავითაშვილის მხრიდან „რეაქციაში“ გაკეთებული განცხადების უარყოფა და ცილისწამებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 25 ათასი ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა განხილვა. 4 სექტემბერს კი, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა და პაატა ბურჭულაძის სარჩელი არცერთ ნაწილში არ დააკმაყოფილა.
კობა დავითაშვილის ადვოკატის გიორგი ჭიტაძის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას მოელოდა.
„ჩვენ სასამართლოზე გვქონდა წარდგენილი 2017 წლის სექტემბერში მომზადებული არაერთი საგამოძიებო ფილმი ფონდ “იავნანასა” და პაატა ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით. ამ ფილმებში არა ერთი მძიმე ბრალდება იყო, როგორიც არის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. ამ ფილმების შემდეგ პაატა ბურჭულაძეს კვალიფიციური შედავება ამ საკითხებზე არ გაუკეთებია, ანუ ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით არ მიუმართავს თუნდაც სარჩელით სასამართლოსათვის. კობა დავითაშვილმა ის განცხადება, რაც სადავოდ გახადა პაატა ბურჭულაძემ, გააკეთა დაახლოებით 10 თვის შემდეგ ამ ფილმების გავრცელებიდან. ანუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბურჭულაძემ ვერ გააქარწყლა იმ ფილმებში მოყვანილი ბრალდებები, კობა დავითაშვილმაც აღნიშნულ ფონზე გააკეთა განცხადებაც. ამდენად ჩვენთვის გაურკვეველია ისიც, რატომ გამოარჩია პაატა ბურჭულაძემ მხოლოდ კობა დავითაშვილი და მხოლოდ მას უჩივლა წილისწამების მუხლით“, – განაცხადა გიორგი ჭიტაძემ.
პაატა ბურჭულაძის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 2017 წლიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობდა დისკრიმინაცია და ამ კამპანიის ნაწილი იყო კობა დავითაშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადებაც, ამიტომ მარიამ ჩიქოვანი სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ და საჭიროების შემთხვევაში საქმე სტრასბურგშიც გადაინაცვლებს.
„კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება შეიცავდა ყველა იმ საჭირო კომპონენტს, რომელიც გვაძლევდა საშუალებას, ეს ჩათვლილიყო ცილისწამებად. ეს იყო მიზანმიმართულად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციის მიზნით და ეს იყო იმ კამპანიის ნაწილი, რომელიც 2017 წელს დაიწყო პაატა ბურჭულაძის რეპუტაციის შელახვისთვის. ეს კამპანია რომ იყო ცრუ ბრალდებებზე აგებული, ის ფაქტიც მოწმობს, რომ ორ წელზე მეტია, მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება ამ საქმეზე და ჯერ არ არსებობს ადამიანი, არათუ პაატა ბურჭულაძე, არამედ ვინმე, ვისაც რაიმე დანაშაულის ნიშნის გამო, ბრალი წარედგინა. ეს არის ზოგადად პაატა ბურჭულაძის მიმართ ხელისუფლების მხრიდან წარმოებული კამპანია.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი და ობიექტური. აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო და შემდეგ ზემდგომ ინსტანციებში და აუცილებლად მივალთ სტრასბურგამდე, თუკი ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა მარიამ ჩიქოვანმა.