ოზურგეთში, სოფელ მთისპირში სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ეროვნული სატყეო სააგენტო, მოსახლეობის საშეშე მერქნით შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციას ახორციელებს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ოზურგეთში, სოფელ მთისპირში მიმდინარე სამუშაოებს მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა.
მიმდინარე სამუშაოების შედეგად, გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა, ტყის მოვლა-აღდგენის და ხანძართან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.