ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ნაქერალას უღელტეხილზე ბზის კორომების სანიტარულ მდგომარეობას გაეცნო
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ნაქერალას უღელტეხილზე ბზის კორომების სანიტარულ მდგომარეობას გაეცნო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ნაქერალას უღელტეხილზე ბზის კორომების სანიტარულ მდგომარეობას გაეცნო.

„ნაქერალას უღელტეხილზე გასულ წელს განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ბზის ალურას რიცხოვნობა მინიმუმამდეა დაყვანილი და ამ ეტაპზე არ საჭიროებს ქიმიური საშუალებებით დამუშავებას. ტერიტორია რჩება სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ. მავნე მწერის მონიტორინგის მიზნით განთავსებულია ფერომონიანი მწერსაჭერები და მიღებული მონაცემების საფუძველზე განვახორციელებთ  შესაბამის ღონისძიებებს“,  – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

ნაქერალას უღელტეხილზე არსებული ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომი, ქვეყანაში ბზის დაავადებისა და მავნებელის გავრცელების მაღალი რისკებიდან გამომდინარე, საკონსერვაციო ტერიტორიად 2019 წელს შეირჩა. სახეობის შენარჩუნების მიზნით 12 ჰა-მდე ტერიტორიაზე მავნებელთან ბრძოლის ინტენსიური ღონისძიებები განხორციელდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეროვნული სატყეო სააგენტო სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ინვაზიური მავნებლის, ბზის ალურას  წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს, „კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, 2016 წლიდან ახორციელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებები მოიცავდა ფერომონიანი მწერმჭერების გამოყენებას, კოლხური ბზის დაზიანებული კორომების ბიოლოგიური ინსექტიციდით დამუშავებას საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. ჯამში, 550 ჰექტარი ტერიტორია შეიწამლა.