ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2023 წლის ნოემბერში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 80 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2023 წლის ნოემბერში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 80 ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 80 ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

„ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 13 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამი – მცხეთა-მთიანეთის, ორი გამოვლენილია ქვემო ქართლის, 26 – შიდა ქართლის, სამი – სამცხე-ჯავახეთის, შვიდი – გურიის, სამი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 11 – იმერეთის, ხოლო 12 კანონდარღვევის ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის  სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.

მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს  თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 43 კუბურ მეტრამდე მერქანი; მათ შორის, 35 კუბურ მეტრამდე მოცულობის – საშეშე, ხოლო 8 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 064 ფაქტია გამოვლენილი. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1 472 კუბური მეტრი შეადგინა“, – აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.