ოზურგეთში ღია ტიპის აგრარულ ბაზარს მუშაობის განახლების უფლება მიეცა
საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, ოზურგეთში, ღია ტიპის აგრარულ ბაზარს მუშაობის განახლების უფლება მიეცა.
დღეს, ოზურგეთის აგრარული ბაზარი გაიხსნა, სადაც დილიდანვე მიმდინარეობს მოქალაქეთა თერმოსკრინინგი და ბაზრის ადმინისტრაცია, ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, მომხმარებლებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.
აგრარულ ბაზარში არსებულ ვითარებას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროს მანანა ერქომაიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, რეგიონში არსებულ ბაზრებზე მონიტორინგი ხორციელდება. ბაზარში მოქალაქეები იცავენ სოციალურ დისტანციას, ტარდება თერმოსკრინინგი. მერიის შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად შეამოწმებენ აღნიშნულ პროცესს“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
ოზურგეთის აგრარული ბაზარი 27 აპრილს, რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო ვერ გაიხსნა.