ოზურგეთის აგრარული ბაზარი რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო ვერ გაიხსნა
ოზურგეთის აგრარული ბაზარი რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო ვერ გაიხსნა

ხმაური იყო ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. როგორც მოვაჭრეები აცხადებდნენ, ბაზრის ადმინისტრაციამ დროულად ვერ უზრუნველყო სამუშაო პირობები, რის გამოც მუშაობის დაწყების უფლება არ ეძლევათ.

ბაზრის დირექტორის განმარტებით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება ჯერ ვერ მოხერხდა  და ბაზარი სწორედ ამ მოტივით ვერ გაიხსნა.

„სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაგვავალა სხვადასხვა რეკომენდაციის შესრულება, დახლების შეწევა, დისტანციისთვის საჭირო ადგილების მონიშვნა, თერმოსკრინინგის აპარატის შეძენა. ამ ყველაფრის შესრულება ჯერ ვერ შევძელით და ვფიქრობთ, მათ შესასრულებლად ეს კვირა მთლიანად დაგვჭირდება“, – განაცხადა ოზურგეთის აგრარული ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, დღეიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნება. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.