ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ პირველადი შედეგები გამოაცხადა, კონსტანტინე შარაშენიძის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ
ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ პირველადი შედეგები გამოაცხადა, კონსტანტინე შარაშენიძის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ

ოზურგეთის მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად თენეიშვილმა მერის არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგები გააჟღერა.

„მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 17 306 ხმა მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს კი 17 227-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი“, – განაცხადა თენეიშვილმა.

ექვსი მაჟორიტარული ოლქიდან ოზურგეთი ერთადერთია, სადაც, ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

ამ წუთებში შარაშენიძის მომხრეები გამარჯვებას ფოიერვერკითა და შეძახილებით აღნიშნავენ.

62-ვე უბნის შედეგები და შემაჯამებელი ოქმები უკვე განთავსდა ცესკო-ს ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, 61 საარჩევნო უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, არჩევნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი იგებდა.

ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში ნასაკირალის #59 საარჩევნო უბნის ოქმი რამდენიმე წუთის წინ მიიტანეს. დაბა ნასაკირალის #59 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესს ხმაური მოჰყვა. „ქართულმა ოცნებამ“ ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა.