ოთხი წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოთხი წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული, უზბეკეთის მოქალაქე ს.მ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 13 ივნისს, ს.მ.-მ, ბათუმში, თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მისთვის მიბარებულ ოთხი წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინებით, მოკვლის განზრახვით, სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა მრავლობითი, მათ შორის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ს.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.