ოთხი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, SpaceX-ის გიგანტური რაკეტა მიწაზე უსაფრთხოდ დაჯდა — #1tvმეცნიერება
13:27, 06.05.2021
SpaceX-მა საკუთარი მეგარაკეტის სისტემის უახლესი პროტოტიპი წარმატებით გაუშვა. რაკეტა 10 კმ სიმაღლეზე ავიდა. „სტარშიფის“ პროტოტიპებს კომპანია ბოლო დროს ხშირად უშვებს, მაგრამ წინა ოთხი მცდელობისგან განსხვავებით, ეს პროტოტიპი უსაფრთხოდ დაჯდა და პირველი 15 წუთის განმავლობაშიც არ აფეთქდა.
წინა პროტოტიპი მიწაზე დაჯდომიდან 10 წუთის შემდეგ აფეთქდა, მას შემდეგ, რაც მის საფარს ცეცხლი მოედო. მაგრამ ამჯერად, პროტოტიპის ძირში გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს.
კოსმოსური ხომალდის ეს ვერსია, სერიული სახელით SN15, წინა პროტოტიპის ტრაექტორიას მიჰყვა. 16-სართულიანი რაკეტა ტეხასის შტატიდან, ბოკა-ჩიკაში SpaceX-ის გამშვები პუნქტიდან აფრინდა. მას შემდეგ, რაც სიმაღლის პიკს მიაღწია, ხომალდმა საკუთარი სამი ძრავიდან ორი გამორთო.
დაახლოებით 10 058 მეტრ სიმაღლეზე ასვლის შემდეგ, რაკეტა გვერდულად გადაიხარა და დედამიწაზე დაეშვა. მიწისპირთან მოახლოებისას, ძრავები კვლავ ჩაირთო, რაკეტა ვერტიკალურად გასწორდა და დაჯდა.
ამ მეგახომალდის ფინალურმა ვერსიამ უნდა წაიყვანოს NASA-ს ასტრონავტები მთვარეზე; მსგავსი რამ 1972 წლის შემდეგ აღარ მომხდარა.
გამშვებ სისტემასთან მიმართებაში ილონ მასკს საკმაოდ ამბიციური ხედვა აქვს. მისი კომპანიის მიერ შექმნილი პროტოტიპები ორნაწილიანი სისტემის ზედა ეტაპი უნდა გახდეს. თანდათანობით, დაახლოებით 23-სართულიანმა გამწევმა, სახელად Super Heavy, ხომალდი ორბიტაზე უნდა გაიტანოს.
მასკს სურს, რომ ამ სისტემამ ადამიანები წაიყვანოს დედამიწის ქვედა ორბიტაზე, მთვარეზე და მარსზე, შემდეგ უკან დაბრუნდეს და იგივე გააკეთოს. SN15-ის უსაფრთხოდ დაჯდომა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ისეთი მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებისკენ, როგორიც მასკს სურს.
SN15 მეორე „სტარშიფია“ ხუთიდან, რომელიც მიწაზე სრული სახით დაჯდა, სულ მცირე ცოტა ხნით მაინც. მეორე გახლდათ SN10, რომელიც მარტის დასაწყისში მთლიანად დაჯდა, მაგრამ 10 წუთის შემდეგ აფეთქდა.
SN8 და SN9 პროტოტიპები საკმაოდ მაღლა აფრინდნენ, უკანაც დაეშვნენ, მაგრამ დაჯდომისთანავე აფეთქდნენ. კიდევ ერთი პროტოტიპი, SN11, აფრენის შემდეგ, ჰაერში აფეთქდა.
მთვარეზე ასტრონავტების წაყვანის გარდა, მასკს სურს, რომ სტარშიფისა და Super Heavy-ს სისტემები დედამიწაზე ზებგერითი გადაადგილებისთვის გამოიყენოს. როგორც აღნიშნავს, გეგმავს აგოს 1000 სტარშიფი, რომლებიც ხალხს მარსზე წაიყვანს თვითკმარი, დედამიწის რესურსებისგან დასახლების შესაქმნელად.
მასკს იმედი აქვს, რომ სტარშიფი პირველ ადამიანებს მარსზე რამდენიმე წელიწადში წაიყვანს. იქამდე კი დარწმუნებულია, რომ უპილოტო სტარშიფს SpaceX-ი მარსისკენ 2024 წელს გაუშვებს, რასაც 2026 წელს ეკიპაჟიანი მისია მოჰყვება.