ოთარ კახიძე - საქმის მასალებიდან არ ვლინდება, რომ პირი, რომელიც მკვლელობის ბრალდებაში გამართლდა, სარალიძესთან საერთოდ რაიმე შემხებლობაშია
ოთარ კახიძე - საქმის მასალებიდან არ ვლინდება, რომ პირი, რომელიც მკვლელობის ბრალდებაში გამართლდა, სარალიძესთან საერთოდ რაიმე შემხებლობაშია

არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა და საქმის მასალებიდან არ ვლინდება, რომ პირი, რომელსაც პროკურატურამ სარალიძის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა და რომელიც გამართლდა, სარალიძესთან საერთოდ რაიმე შემხებლობაშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მ.კ-ს გარდა, არც ერთი მოწმე არ მიუთითებს, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულს დავით სარალიძესთან რამე შემხებლობა ჰქონდა, მაგრამ რატომღაც, პროკურატურამ მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინების გარეშე, შსს-ს გამომძიებლების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, ამ ორ პირს ადგილები გაუცვალა და შესაბამისად, იმ პირის ბრალეულობა გამოკვეთა, რომლის დავით სარალიძესთან შემხებლობაც მოწმეთა ჩვენებებით არ იკვეთება“, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, ეს ძალიან უცნაური გარემოებაა, რომელსაც საგამოძიებო კომისია ჯერჯერობით შეფასებას არ მისცემს, ვინაიდან კომისიის მუშაობა უნდა გაგრძელდეს და პასუხი გასცეს კითხვას, თუ რა იყო პროკურატურის მოტივაცია და უწყებამ რატომ გადაწყვიტა, ფარდულში მ.კ-ს ნაცვლად, გ.ბ შეეყვანა და დავით სარალიძის მკვლელობა მისთვის დაებრალებინა.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, ვინაიდან გამოძიების ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგო მიმართულება გამოიკვეთა, კომისიამ რეკომენდაცია შეიმუშავა, რაც დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის მ.კ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გულისხმობს.

„მ.კ ხედავდა, რომ დავით სარალიძეს ორი სხვადასხვა პირი დანებით ჭრილობებს აყენებდა, ამას უყურებდა, ამ დროს ერთი ხელით სარალიძე ეჭირა, მეორე ხელით კი ურტყამდა. ეს არავითარი გაშველება არ არის და პროკურორ ფხაკაძის მხრიდან ამ შეფასებას სამარცხვინო ვუწოდე, რადგან ამას სხვა სახელს ვერ უწოდებ. როცა ადამიანს დანებს ურტყამენ, შენ კი მსხვერპლი გიჭირავს და ამავე დროს ურტყამ, ეს მკვლელობაში თანამონაწილეობაა და არა გაშველება“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.