„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ორ პარტიას შორის ბრიუსელში გაფორმებული შეთანხმება დაარღვია.
„გრიგოლ ვაშაძემ დაარღვია ევროპის სახალხო პარტიის ეგიდით გაფორმებული ბრიუსელის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომ ერთმანეთს არ დავსხმოდით თავს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა პირველივე შესაძლებლობისთანავე დაიწყო ტალახის სროლა ჩვენი მიმართულებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ.
მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძემ უნდა დააკონკრეტოს, ვის გულისხმობდა საკუთარ განცხადებაში.
„ერთია ის, რომ ამბობს წარსულში რაც დანაშაულებები და საშინელებები ხდებოდა, ჯერ უნდა დააკონკრეტოს რას გულისხმობდა და მერე უნდა დააკონკრეტოს, კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობაა „ევროპული საქართველოდან“ და რას ნიშნავს ზოგადად, რომ ყველა ეს უბედურება ჩვენი გაკეთებულია. ვის გულისხმობს, რას გულისხმობს, ეს უნდა დააკონკრეტოს პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა“, – დასძინა ოთარ კახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოდაშენში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მათი გაკეთებულია“.