ოთარ დანელია - მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს დავუბრუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს და მემკვიდრეობით ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწა ერგოთ
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს ინტერესებშია, სახელმწიფოს დავუბრუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც საქართველო თავის დროზე დატოვეს, წავიდნენ, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს და მემკვიდრეობით ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწა ერგოთ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„მემკვიდრეობის ნაწილი ხელუხლებელია. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყოდი ქორწინებით მიღებულ უფლებაზე, სადაც რისკები დავინახეთ. ეს რისკები ცალსახაა და რა თქმა უნდა, კანონის პროექტის თანახმად, ეს ამ მიმართულებაში არ გავრცელდება. რაც შეეხება გამონაკლისებს, ეს, როგორც ასეთი, გამონაკლისები არ არის. ეს გახლავთ მთავრობის დისკრეცია სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის და რეგიონული პროექტებისთვის. მაგალითად, როგორიც შეიძლება იყოს პორტი და ა.შ. აი, ამაზეა საუბარი, რომელიც ასევე ორგანული კანონით არის ჩამოყალიბებული, ძირითადი პრინციპების დონეზე“, – განაცხადა დანელიამ.
მისი თქმით, ორგანული კანონი დიდი ხანია, მზადაა, მაგრამ მისი ინიცირება და კენჭისყრა მხოლოდ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ იქნება შესაძლებელი, ვინაიდან ის სწორედ ამ კონსტიტუციით რეგულირდება და კონსტიტუცია მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონი ურთიერთობების მარეგულირებელი იქნება.
„რაც შეეხება შინაარსს, ძირითად პრინციპებს ჩამოგიყალიბებთ. პირველი ისაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრება ეკრძალება. მეორე – იურიდიული პირის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეთა ჯგუფი ან ქართული სუბიექტი იურიდიულ სუბიექტში უნდა ფლობდეს 50 პროცენტზე მეტს, რათა მათ სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება ჰქონდეთ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.