ჩემი აზრით, როგორც ოპოზიციური, ისე, დიდწილად, ხელისუფლების მხარდამჭერებს აქვთ ერთი სურვილი, ქართული პოლიტიკა იყოს რაღაც ერთი საერთო წესებით წარმართული, ანუ, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება, უხეშად რომ ვთქვათ, თამაშობდეს ერთი სპორტით, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ოთარ ჭულუხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.
„ანუ, არ უნდა ხდებოდეს, რომ ოპოზიციის კონკრეტული ფლანგი, რაღაც ნაწილი თამაშობდეს სხვა თამაშს, ამ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს გარე გათვლები, რას იტყვის ბრიუსელი, რევოლუცია, არჩევნების არაღიარება, საწინააღმდეგო აზრისთვის რუსეთუმეს უკვე გაცვეთილი იარლიყის მიკერება, მეორე მხარეს კი არის, ასე ვთქვათ, სუვერენული ხედვა, რომ ჩვენ ვართ ქართველები, მოდით, დავანებოთ თავი ამ რევოლუციონერობანას, დაბალ პოლიტიკურ კულტურას. რა თქმა უნდა, ოპოზიციის დანიშნულებაა, რომ უნდა აკრიტიკოს ხელისუფლება. საზოგადოება და სახელმწიფო არის მთლიანობა, ამ მთლიანობას ჰყავს წარმმართველი ძალა, რომელსაც ამ კონკრეტულ სისტემაში, ელექტორალურ დემოკრატიაში ირჩევს ამომრჩეველთა უმრავლესობა, ხოლო ვინც არ აირჩია, მისი წარმომადგენლები უნდა აკრიტიკებდნენ მათ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩვენთან დამკვიდრდა ეს მანკიერი ბოიკოტის კულტურა თუ ბოიკოტის უკულტურობა, რომელიც რატომღაც ურთიერთარაღიარების რაღაც დოგმაზე დგას. როგორც მე ვაკვირდები, ეს, მათ შორის, ოპოზიციის ამომრჩევლების მნიშვნელოვან ნაწილს არ მოსწონს. ცხადია, არიან ისეთებიც, ვინც ემხობიან ბოიკოტის გადაწყვეტილებას, თუმცა დროთა განმავლობაში ხვდებიან, რომ ეს იყო წამგებიანი. ისეთი მაღალი პოლიტიკური ტრიბუნის არგამოყენება, როგორიც არის პარლამენტი, არის ერთგვარი პოლიტიკური ხარაკირი. მოსახლეობის დაკვეთაა მშვიდობა, სიმშვიდე, განვითარება და ვინც პოლიტიკური სპორტის ამ პრინციპებს უკეთ მიჰყვება, ის იქნება არჩეული“, – განაცხადა ჭულუხაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე დებატები საზოგადოების დაკვეთას ასრულებს, რადგან ერთ-ერთი დაკვეთა იყო, რომ აღარ გვინდა ეს რევოლუციობანა და გადავინაცვლოთ მაგიდასთან.
„საქართველოში ბევრი პრობლემაა, იქნება ეს ეკონომიკის, განათლების თუ სხვა მხრივ და ამაზე არის საუბარი საჭირო. არ შეიძლება, ეს მართლა ყავლგასული რიტორიკა, რაც 2011 წლიდან გვესმის, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, რუსეთი, რუსეთმა, რუსეთს… ჩემი აზრით, ამ რაღაც მომაჯადოებელი მანტრისგან უნდა გათავისუფლდეს საზოგადოება. მათ შორის, ოპოზიციონერები, რომელთაც აქვთ რაღაც შანსი, თუნდაც პარლამენტში შევიდნენ, თავიდან მცირე პროცენტებით, სამომავლოდ მეტი პროცენტით და ეს არის სუვერენული დემოკრატიული პოლიტიკა. რამდენადაც მე ვხედავ, დიდწილად ამაზე არის კონსენსუსი მოსახლეობის ფართო ფენებში“, – განაცხადა ჭულუხაძემ.
შეკითხვაზე, არის თუ არა ოპოზიციის ალიანსი თავიდანვე ხელოვნურად შექმნილი მხოლოდ საერთო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ და არა საერთო ხედვის გარშემო, ჭულუხაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური უკულტურობა თითქოს რაღაცნაირად ქართული ეთნოფსიქოლოგიის მომენტია, რომ ადამიანების რაღაც ჯგუფს უნდა მოკლე გზით მისვლა ხელისუფლებაში.
„ეს თითქოს სიზარმაცის და ძალაუფლებისკენ ლტოლვის რაღაც საოცარი მიქსია, რადგან, როცა შენ ამბობ, არ ვიღებ მონაწილეობას პარლამენტში და ყოველთვის რაღაც ფანტასმაგორიულ კარნავალურ რაღაცებს იგონებ, ამ დროს აჩვენებ, რომ რეალურად ძალაუფლება იმისთვის კი არ გინდა, რომ, პირობითად, მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერო პრობლემების მოგვარების გზები, რასაც, ცხადია, რეპუტაცია და სოციალური კაპიტალი ახლავს თან, ტრიბუნიდან გააკეთო განცხადება, რომ მიხედო, პირობითად, პენსიებს, რაღაც შეცვალო უკეთესობისკენ. საქმის გაკეთება კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ თითქოს ძალაუფლებაა თვითმიზნური, რომ ჩვენ უბრალოდ უნდა მოვიდეთ და მერე იქ რა უნდა გააკეთონ, რასაც აკეთებდნენ რეალურად ხშირ შემთხვევაში, ხომ? ეს პოლიტიკური ფიგურები არ შეცვლილან, არ მომხდარა დიდი მონანიება ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, ხომ? შეიძლება, ცალკეული შემთხვევები არის, მაგრამ მთლიანად, რომ ჩვენ რაღაც შეგვეშალა და ახლა სხვანაირად ვიწყებთ, არ არის. მე ვგულისხმობ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მისი დანაყოფებით, რადგან ეს პოლიტიკური ტაქტიკის და ელექტორალური დაგეგმარების ამბავია, გავიყოთ, ვთქვათ, შედარებით ფერადები აქეთ, შედარებით არაფერადები და უფრო, ვთქვათ, კონკრეტულ პიროვნებაზე, სააკაშვილზე ორიენტირებულები იქით. ეს ყველაფერი ხომ გავლილი გვაქვს?“ – განაცხადა ჭულუხაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ყველაფერში დასავლეთის ძახილით ეწევა დასავლეთის გაფეტიშებას და ეს არის პოლიტიკური წარსულის მოძახილები.
„ეს არის დასავლეთის გაფეტიშება და ამაზე დაფუძნებული პოლიტიკური ტაქტიკა, რომ, აბა, რას იტყვის უცხოეთი. თუ ადრე იყო, აბა, რას იტყვის მოსკოვი, ახლა არის, აბა, რას იტყვის ბრიუსელი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას კი, ვინც, მათ შორის, იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, უნდოდა, რომ ეხილა სუვერენული ქვეყანა, შენს ქვეყანაში შენ ყოფილიყავი შენი თავის ბატონ-პატრონი, ეს ძალები, ოპოზიციური ძალების უმრავლესობა, არ სთავაზობს ამას და სთავაზობს შემდეგს, მოდი, ახლა რევოლუციურად მოკლეზე გადავჭრი, მერე დავლაგდები ჩემ უცხოელ პარტნიორებთან და მერე, რასაც ის მეტყვის, იმას გავაკეთებ, ანუ, ვიქნები მისი ერთგვარი ვასალი“, – განაცხადა ჭულუხაძემ.
