თენგო თევზაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ სურს, ალიანსის სრულფასოვანი წევრი იყოს, იმუშაოს ისე, როგორც ყველა სხვა პარტიამ, თუ არადა, დამოუკიდებლად საქმიანობის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ
ალიანსის დოკუმენტის ხელმომწერია „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ დოკუმენტის გაუქმება ან ალიანსიდან პარტიის გარიცხვა არ მომხდარა, თუმცა ბოლო თვე-ნახევარია „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის საქმიანობაში აქტიურად აღარ იყო ჩართული, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ წევრმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „26 მაისის მრავალრიცხოვანი აქციის შემდეგ კონკრეტულ პარტიებზე, მათ შორის „ახალზე“ თავდასხმა გაორმაგებული ძალით დაიწყო“.
„მათ თუ სურთ, რომ ალიანსის სრულფასოვანი წევრები იყვნენ, უნდა იმუშაონ ისე, როგორც ყველა სხვა პარტია მუშაობს. თუ არადა, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად საქმიანობის. ალიანსისთვის არც ეს იქნება პრობლემა. ჩვენი ამოცანა და მიზანი არავის გარიცხვა არ არის. მთავარია, ჩვენ გავაგრძელოთ მუშაობა და ალიანსი იყოს ქმედითი, როგორც 26 მაისამდე იყო. უნდა ვთქვათ, რომ 26 მაისის შემდგომ ჩვენ გვქონდა ჩავარდნა, მათ შორის, ამიტომაც, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა. თუ დადგება ალიანსიდან ვინმეს გასვლის საკითხი ან თუ დავატოვებინებთ, ყველას საჯაროდ ეცოდინება. დამნაშავესა და უდანაშაულოზე საუბარი არ არის, ალიანსი უნდა იყოს მოქნილი და ამისთვის აუცილებელია, რომ პარტიები თავს კი არ ესხმოდნენ ერთმანეთს, არამედ მუშაობდნენ“, – განაცხადა თევზაძემ.