ოთარ ჩახუნაშვილი - ინსპექტორის სამსახური „მწვანე სკოლაში“ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას შემჭიდროვებულ ვადებში შეისწავლის
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა „მწვანე სკოლის“ შენობა დატოვა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „მწვანე სკოლის“ მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ჩახუნაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე დეტალზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს.
ოთარ ჩახუნაშვილის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში შეისწავლის საკითხს და საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის.
„საგამოძიებო მოქმედებები ახლა ჩვენ არ ჩაგვიტარებია, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ შევედით. შედეგებს გაცნობებთ მოგვიანებით. ამჟამად ვერაფერს გეტყვით, საკითხს შევისწავლით კომპლექსურად და აუცილებლად გაცნობებთ. გპირდებით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აუცილებლად შემჭიდროვებულ ვადებში შეისწავლის ამ საკითხს და საზოგადოებასაც დამატებით ეცნობება“ ,- განაცხადა ოთარ ჩახუნაშვილმა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, პროცედურას სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.