ოთარ აბესაძის დაცვის მხარე სასამართლოს ექსპერტიზის ახალ დასკვნას წარუდგენს
ოთარ აბესაძის დაცვის მხარე სასამართლოს ექსპერტიზის ახალ დასკვნას წარუდგენს

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.

როგორც აბესაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ პირველ არხს განუცხადა, დღეს დაცვის მხარე ექსპერტიზის ახალ დასკვნას წარადგენს.

„როგორც ყველასთვის ცნობილია, ოთარ აბესაძეს ჩაუტარდა საექსპერტო კვლევა. ჩვენ ხელთ გვაქვს ეს დასკვნა. კონკრეტულ დაავადებებზე ვერ ვისაუბრებ. ვფიქრობ, დასკვნაში ცალსახად წერია, რომ აბესაძის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა აუარესებს მის მდგომარეობას. სასამართლოს ექნება ყველა წინაპირობა, რომ შეუცვალოს აღკვეთის ღონისძიება. სხვა შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამართლეს“, – აცხადებს ჭკადუა.

კითხვაზე, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ხომ არ წარადგენს დეპუტატების ხელმოწერებს, რომლებიც აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ, ჭკადუას განცხადებით, ხელმოწერების შეგროვება ჯერ არ დასრულებულა.

„ჩვენ გვაქვს 10 000 ხელმოწერა. დეპუტატების ხელმოწერები კიდევ გრძელდება. დღეს მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს. ღმერთმა დაიფაროს და თუ მოსამართლე არ მიიღებს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გადაწყვეტილებას, შემდეგ წარვადგენ დეპუტატების ხელმოწერებს და 10 000  ადამიანის ხელმოწერას. ხელს აწერენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და უბრალო მოქალაქეები“, – აღნიშნავს ჭკადუა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას გეგმავს.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა 12 ივლისს დააკავა.