ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი 31 აგვისტოს გამოვლინდება [ფოტო, ვიდეო]
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი 31 აგვისტოს გამოვლინდება [ფოტო, ვიდეო]

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის 31 აგვისტოს გამოვლინდება.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრის საფუძველზე 31 აგვისტოს, 15:00 საათზე, კინოსახლის განახლებულ დარბაზში მიიღებენ.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი ექვსი ქართული ფილმია წარდგენილი:

 

„ხიბულა“ – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი

დრამის ეპიცენტრში საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაა, სიუჟეტი კი მისი ცხოვრების უკანასკნელ 50 დღეს ასახავს. სურათში მთავარ როლს ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს.

„ნამე“ – რეჟისორი ზაზა ხალვაში

ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. „ნამეს“ მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმის სიუჟეტი საქართველოს მთებში, ერთ პატარა სოფელში ვითარდება და ის მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამესა და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს.

„ჰორიზონტი“ – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი

ფილმი საქართველოს, შვედეთისა და გერმანიის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის მსოფლიო პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართა. მთავარი გმირების – გიორგისა და ანას განშორების მიზეზი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ოჯახური კონფლიქტი. „ჰორიზონტის“ დიდი ნაწილი პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც გიორგი მეგობარ ჯანოსთან ერთად თევზაობს და ბუნების გარემოცვაში წარსულის ფსიქოლოგიური ტრავმების დავიწყებას ცდილობს. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

„დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი

„დედე“ სვანი გოგონას ამბავს აღწერს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.

„ექვთიმე ღვთისკაცი“ – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე

ფილმში მთავარ როლს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. ფილმის გადაღებები, რომელიც საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ცხოვრებას ეძღვნება, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის პარალელურად პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა. ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში, ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან და უძლებს ცდუნებას.

„ჰამლეტი“ – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი

გიორგი მეგრელიშვილმა უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით ფილმი მობილური ტელეფონით გადაიღო. სურათში მთავარ გმირს, ჰამლეტსაც თავად რეჟისორი განასახიერებს. გადაღებები ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

წარმოდგენილი ფილმებიდან ოსკარზე საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა შექმნა.

კომისია სულ ცხრა წევრისგან შედგება:

1. მერაბ კოკოჩაშვილი – რეჟისორი
2. დიმიტრი მამულია – რეჟისორი
3. გივი-ბესიკ ოდიშარია – სცენარისტი
4. ლომერ ახვლედიანი – ოპერატორი
5. ია შუღლიაშვილი – მსახიობი
6. კახა კანდელაკი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი
7. ზურაბ მაღალაშვილი – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
8. გოგი მიქელაძე – მხატვარი
9. ნინო მხეიძე – კინომცოდნე

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება. წლის ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ კინომოვლენას ტრადიციულად დოლბის თეატრი უმასპინძლებს.