ორხევის დასახლებაში, №56 ავტობუსის ხაზზე, „ისუზუს“ (ISUZU) მარკის ახალი ავტობუსები იმოძრავებენ.
რვამეტრიანი ავტობუსები მგზავრებს ორხევის დასახლებიდან, ქეთევან წამებულის გამზირის გავლით, მეტროსადგურ „ისნამდე“ გადაიყვანს.
თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, სამგორის რაიონში ახალი ავტობუსები მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე დაინიშნა. მისივე განმარტებით, ძველი ავტობუსების თანამედროვე სტანდარტების ავტობუსებით ჩანაცვლება მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ხაზებზე ავტობუსების დამატება კვლავაც გაგრძელდება, რაც სამომავლოდ მოლოდინის რეჟიმს საგრძნობლად შეამცირებს.
„მე, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარს, აქტიური შეხვედრები მაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან და მინდა გითხრათ, რომ მათთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის მოგვარებასაც გვთხოვდნენ გამართული მუნიციპალური ტრანსპორტი იყო. დედაქალაქში არსებული ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს და მიხარია, რომ მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები ორხევის მოსახლეობასაც მოემსახურება. თბილისის მთავრობა მოსახლეობის გამართული მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად აქტიურად მუშაობს. მიმდინარეობს ძველი ავტობუსების, ახლით ჩანაცვლების პროცესი. უახლოეს დღეებში სიახლე ლილოს დასახლებასაც შეეხება. ახალი ავტობუსებით, სამგორის რაიონის მოსახლეობა გადაადგილებას გაცილებით კომფორტულად შეძლებს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ახალი ავტობუსით საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი შარკოვმაც იმგზავრეს.
თბილისის მერიამ ახალი, რვამეტრიანი ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შეისყიდა. აღნიშნული ავტობუსები სულ 53 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. „ისუზუს“ მარკის ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდეცირების და ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა და usb-დამტენები.