ორი პოზიცია დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობაზე - მოსახლეობის ნაწილი სკვერის მოწყობას ითხოვს, სოხუმის „დინამოს“ დირექტორი სტადიონების დეფიციტზე საუბრობს #1TVSPORT
ორი პოზიცია დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობაზე - მოსახლეობის ნაწილი სკვერის მოწყობას ითხოვს, სოხუმის „დინამოს“ დირექტორი სტადიონების დეფიციტზე საუბრობს #1TVSPORT

დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით პოზიციები გაიყო. საინიციატივო ჯგუფმა „დიდი დიღმის მწვანე სივრცის დასაცავად“ თბილისის მერიას მიმართა და სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა.

„დიმიტრი თავდადებულის 14 ნომერთან არსებული სარეკრეაციო სივრცე ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა და აქ დახურული ტიპის სტადიონის აშენება იგეგმება. სტადიონის და საწვრთნელი ბაზის წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ არსებობს ბევრი არგუმენტირებული მიზეზი, რის გამოც ამ პროექტის განხორციელება ამ კონკრეტულ ადგილზე დაუშვებელია.

არსებული სტანდარტით, ერთ სულ მოსახლეზე 10 კვადრატული მეტრის გამწვანებული სივრცე უნდა მოდიოდეს. ეს მაჩვენებელი კი დღეს დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში უკვე კრიტიკულ ზღვარზეა. ვთხოვთ მერიას, შეგვინარჩუნოს მწვანე სივრცე და ფეხბურთის ფედერაციას სტადიონის ასაშენებლად ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზოს. ვთხოვთ თბილისის მერს, კახა კალაძეს, ითანამშრომლოს მოსახლეობასთან და უშუალოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მოისმინოს ყველა არგუმენტი, რომელიც მას დაარწმუნებს, რომ აქ მწვანე ზონის შენარჩუნება აუცილებელია“, – წერია საინიციატივო ჯგუფის „დიდი დიღმის მწვანე სივრცის დასაცავად“ განცხადებაში.

დიდ დიღომში საფეხბურთო მოედნის ირგვლივ ატეხილ მოვლენებს სოხუმის „დინამოს” დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე, დავით თაქთაქიშვილი გამოეხმაურა:

„ჩემთვის სიურპრიზი იყო რასაც თვალს ვადევნებ. ჩვენს ქვეყანაში და კერძოდ თბილისში დაანგრიეს და ფეხბურთს ჩამოართვეს უამრავი სტადიონი – ავლაბარში, სტუდქალაქის და ოქროყანის სტადიონები, „ოლიმპის” აკადემია ჯიქიაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის სტადიონი, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტმა დაანგრია და ავტოსადგომი მოაწყო, „სუკონკა“ დიდუბეში, „ნორჩი დინამოს“ ბაზა მუშდაიდში, „ლოკომოტივის“ ბაზა დიღმის მასივში, „ზე-ემ-კა“, 35-ე სკოლა. ასევე ფეხბურთს ჩამოერთვა ავაჭალაში და ისანში „შევარდენის“ ისტორიული სტადიონები და რაგბს გადაეცა.

დღეს აშენდა საფეხბურთო ცენტრები ვარკეთილში, გლდანში, ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე საფეხბურთო ცენტრი – რეგიონებს აღარ ჩამოვთვლი რადგან მხოლოდ თბილისზე ვსაუბრობ. ასევე ახალი საფარი დაიგო თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში, „ბენდელაზე“, 35-ე საფეხბურთო სკოლაში, მალე უნდა დაიწყოს დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობაც. წარსულიდან გამომდინარე ვერ წარმოვიდგენდი, თუ ვინმე იტყოდა, სტადიონი აქ არ ააშენოთო, სადაც 1000-მდე ბავშვმა უნდა ივარჯიშოს. მესმის იმ ადამინების მოტივი, ვინც ამას ეწინააღმდეგება. მაგრამ მათი არგუმენტი, რომ ეს იქნება დახურული მოედნები, ცრუ ინფორმაციაა. სფფ-ის აშენებული ყველა მსგავსი ობიექტი შეგიძლიათ ნახოთ, როგორი მოვლილია და როგორი გამწვანებულია მიმდებარე ტერიტორია“, – ამბობს თაქთაქიშვილი.

სოხუმის „დინამო“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე სხვა დეტალებზეც ამახვილებს ყურადღებას:

„არასწორი ინფორმაციიაა, რომ ამ ცენტრში ბავშვების მიღება ფულის საკეთებლად იგეგმება. ფეხბურთის ფედერაცია მსგავს ცენტრებს სწორედ იმიტომ აშენებს, რომ გუნდებმა უფასოდ ივარჯიშონ. სოხუმის „დინამოს” ერთ-ერთი მმართველი ვამბობ, რომ ჩვენს აკადემიაში ყველა ადგილობრივი უფასოდ ივარჯიშებს. ეს ცენტრი კეთდება დიდი დიღმისთვის. ჩვენი კლუბი და სოხუმის „დინამოს“ 40-ზე მეტი ფეხბურთელი, რომლებიც დიდ დიღომში ვარჯიშობენ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. ეს არ უნდა იყოს აღთქმული კონფრონტაციად, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება აზრი დავაფიქსიროთ, მიუხედავად იმისა თუ რამდენად აცდენილია ჩვენი სურვილები და მოთხოვნები ერთმანეთს“.