კამილ ნოვაკი - დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დარბაზი დროულად დამთავრდეს [ვიდეო] #1TVSPORT
კამილ ნოვაკი - დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დარბაზი დროულად დამთავრდეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია პირველად მასპინძლობს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის, FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრების ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და FIBA ევროპის ბორდის, აღმასრულებელი საბჭოს სხდომას. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია FIBA ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი, აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და ბორდის წევრები.

FIBA ევროპის ბორდი დაკომპლექტებულია ევროპის კალათბურთის ფედერაციების პრეზიდენტებითა და გენერალური მდივნებით, რომელთა შორის ასევე გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ფიბა-ევროპის ბორდის წევრი და ასევე ფიბა ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტია.

გუშინ, სასტუმრო “თბილისის მარიოტში” გამართულ FIBA ევროპის ბორდის სხდომაზე განხილულ იქნა ევროპული კალათბურთის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ევრობასკეტი-2022, ხოლო დღეს, ვიზიტის ფარგლებში,  ფიბა-ს ხელმძღვანელობა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მესვეურებთან ერთად საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ფიბა-ს მაღალჩინოსნები ოლიმპიურ სასახლესთან მშენებარე სპორტკომპლექსს ესტუმრნენ და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა ადგილზე იხილეს სამუშაო პროცესი და გაეცვნენ დარბაზის მშენებლობის დასრულების დეტალურ გეგმას.

საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) ხელმძღვანელთა ვიზიტი თბილისში და აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარება საქართველოში მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას, ნდობის გამოცხადებას და ახალი მშენებარე დარბაზის მიმართ ინტერესს.

ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი:

„შევხვდით პრემიერ-მინისტრს. დაგვარწმუნეს, რომ არსებობს სრული სამთავრობო მხარდაჭერა დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. გულწრფელად რომ გითხრათ, გარკვეულწილად შეშფოთებული ვართ მას შემდეგ, რაც მშენებლობის პროგრესი ვნახეთ. აქ ბოლოს 2021 წლის მარტი-აპრილში ვიყავი, მშენებლობის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ დღეის მდგომარეობით მართლაც დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დარბაზი დროულად დამთავრდეს, ამ დროისთვის გადახურვა უკვე დასრულებული უნდა იყოს. დრო გადის და ძალიან სწრაფად უნდა გაგრძელდეს სამუშაოები.

როგორც მივხვდით, თავდაპირველი გეგმა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარა ამ დარბაზში ჩატარდეს, ნამდვილად არარეალისტურია, ამიტომ ახლა მიზანი უნდა იყოს, რომ ივნისი-ივლისის ფანჯრისთვის მაინც ყველაფერი მზად იყოს და აქ თამაში შევძლოთ და გამოვიყენოთ ეს მატჩები სატესტოდ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რაც ახლა ვნახეთ, მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ მშენებლობა ბოლომდე მივიდეს“.

gbf.ge

დატოვე კომენტარი