ტაიმაუტი | 4 ივლისს საქართველოსა და ესპანეთის მატჩი ახალ საკალათბურთო დარბაზში გაიმართება [ვიდეო] #1TVSPORT

მოესწრება დარბაზი ევრობასკეტამდე? – ეს არის შეკითხვა, რომელიც ბოლო დროს ხშირად ისმის. 

მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობთ: 2019 წელს ფიბა-მ საქართველოს ევრობასკეტი 2021-ის მასპინძლის სტატუსი მიანიჭა. ერთ-ერთი პირობა ახალი დარბაზის აშენება იყო. თუმცა მშენებლობის დაწყებაც დაგვიანდა და კორონავირუსის პანდემიაც დაემთხვა…

სწორედ პანდემიის გამო ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი 2021-ის ნაცვლად 2022 წელს გადმოიტანეს. სამუშაო პროცესი შეუჩერებლად გრძელდებოდა, თუმცა დეკემბერში ფიბა-ს ხელმძღვანელებმა თბილისში სტუმრობისას უკმაყოფილება გამოთქვეს დარბაზის მშენებლობის ტემპთან დაკავშირებით. ამას დაერთო თებერვალში გაჩენილი ხანძარი, რამაც დასაწყისში დასმულ შეკითხვას აქტუალობა შემატა.

ფიბა-ს წარმომადგენლებმა თბილისში სტუმრობისას ასევე აღნიშნეს, რომ ევრობასკეტის დაწყებამდე დარბაზი აუცილებლად უნდა გაიტესტოს. საამისოდ კარგი საშუალება 4 ივლისს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩია. ამ დღეს „ჯვარსნები“ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შესაბამისად, შეკითხვამაც ასეთი ფორმულირება მიიღო: ჩატარდება ესპანეთთან 4 ივლისს დაგეგმილი მატჩი ახალ სპორტის სასახლეში?

სწორედ ამ შეკითხვით ესტუმრა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტი“ ახალ საკალათბურთო არენას.

„ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება. დარბაზის მშენებლობა დათქმულ ვადებში მიმდინარეობს. კომპანიის სახელით სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 4 ივლისს დაგეგმილი საქართველოსა და ესპანეთის მატჩი ახალ არენაზე გაიმართება“, – აღნიშნა სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორმა ლევან თარგამაძემ.

როგორც აღვნიშნეთ, თებერვალში მოხდა მორიგი გაუთვალისწინებელი ფაქტი: შენობის გარე ფასადის მცირე ნაწილი დაიწვა. დაზიანდა ამ ნაწილის შიდა მხარეც. თუმცა საბოლოოდ როგორც მშენებელი კომპანიის დირექტორი ამბობს, ზარალი იმ მასშტაბის არ გამოდგა, რომ ევრობასკეტის ჩატარებას და დარბაზის დროულად ჩაბარების საფრთხე შექმნოდა.

ნაგებობა უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები. სრულდება გარე ფასადი. კომუნიკაციების დიდი ნაწილი უკვე დამონტაჟებულია. ჩამოტანილია ყველა საჭირო ინვენტარი რომლებიც თანმიმდევრულად მონტაჟდება.

„როგორც სპორტის სამინისტრო, ასევე კალათბურთის ფედერაცია მუდმივ კავშირშია სამშენებლო კომპანიასთან. რაც მთავარია, ჩართულია ფიბა, რომელსაც ყოველდღიურად ვუგზავნით ანგარიშს მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით და ვიღებთ შესაბამის რეკომენდაციებს. დღევანდელი მონაცემებით ყველანაირად ვეტევით იმ ვადებში, რაც ფიბა-ს მითითებით ერთად დადგინდა“, – აღნიშნა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ.

მხარე, რომელსაც თებერვალში ცეცხლი გაუჩნდა

ასე და ამგვარად, 4 ივლისს საქართველო-ესპანეთი ახალ დარბაზში გაიმართება. ეს იქნება ტესტიც და რეპეტიციაც. აქედან არასრულ სამ თვეში, 1 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება – გახსნის მატჩში საქართველო ბელგიას უმასპინძლებს.

ევრობასკეტის დასრულების შემდეგ კი ქვეყანას დარჩება 10 ათას მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა და მისი მრავალმხრივი გამოყენებაც შესაძლებელია.