ქობულეთის სტადიონი ახალგაზრდულ ევრო 2023-მდე განახლდება #1TVSPORT
ქობულეთის სტადიონი ახალგაზრდულ ევრო 2023-მდე განახლდება #1TVSPORT

ქობულეთის მთავარი სტადიონი, „ჩელე-არენა“ 2023 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატამდე განახლდება – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ განაცხადა, რომლის სახელსაც სტადიონი ატარებს.

„ქობულეთის „ჩელე-არენას“ რეკონსტრუქცია 2023 წელს უნდა დასრულდეს, როდესაც საქართველო ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩვენს სტადიონზე ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა უნდა ივარჯიშონ და განახლება სჭირდება. მიხარია, რომ ეს 2022 წელს იგეგმება“, – აცხადებს რევაზ ჩელებაძე საქართველოს პირველ არხთან.

თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა ფეხბურთელმა დააკონკრეტა, რა შეიცვლება სტადიონზე:

„ლაპარაკია ბალახის საფარის დაგებაზე, შეიცვლება და მოწესრიგება გასახდელები და განათების სისტემა, დამონტაჟდება ახალი ინდივიდუალური სკამები. იმედი მაქვს, რომ ქობულეთში, სადაც უხვი ნალექია, სტადიონი გადაიხურება. ახლა სტადიონი 4000 მაყურებელს იტევს და შესაძლოა, ტევადობა 7 ათასამდე გაიზარდოს“.

ჩელებაძეს სურს, რომ მისი სახელის მქონე სტადიონი გამორჩეული იყოს:

„არ დავმალავ, სტადიონი რადგან ჩემს სახელს ატარებს, მინდა, სილამაზით და კომფორტით საქართველოში გამორჩეული იყოს. ვთხოვ ყველას, ვინც სტადიონის მომავალზე იფიქრებს, ის საუკეთესოდ განაახლონ. ეს ისევ საქართველოს გამოდგება“.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ერთობლივად საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. 4-დან 2 ჯგუფის მატჩები საქართველოში გაიმართება – თამაშებს თბილისი, ბათუმი და ფოთი უმასპინძლებენ, ტურნირის ფინალი კი ბათუმში ჩატარდება.

დატოვე კომენტარი