სტადიონების მასშტაბური განახლება იწყება - „ლოკომოტივი“ საგურამოში დაბრუნდა #1TVSPORT
სტადიონების მასშტაბური განახლება იწყება - „ლოკომოტივი“ საგურამოში დაბრუნდა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საგურამოში ბრუნდება. გუნდი მეტოქეებს „მიხეილ მესხი არენის“ სათადარიგო მოედანზე მასპინძლობდა, 13 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში კი ქუთაისის „ტორპედოს“ საგურამოში მიიღებს.

მიზეზი „მიხეილ მესხი არენის“ რეკონსტრუქციაა, რომელიც ერთ-ერთი ის არენაა, სადაც 2023 წელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩები გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ამ მასშტაბურ ტურნირს საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს.

ასევე შეიცვალა საშინაო არენა „საბურთალომ“, რომელიც მატჩებს თბილისის „მიხეილ მესხის“ ცენტრალურ სტადიონზე მართავდა. ამიერიდან გუნდი მეტოქეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლებს.

ამას გარდა, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში სტადიონის გამოცვლა მოუხდეს „დინამო თბილისსაც“, რადგან „დინამო არენაზე“ ბალახის საფარის გამოცვლა დაიწყება. სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია თბილისის გარდა, იწყება საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.

სად ითამაშებენ ქუთაისის „ტორპედო“, წყალტუბოს „სამგურალი“ და ქობულეთის „შუქურა“, ჯერ უცნობია. საკუთარ სტადიონზე დარჩება ბათუმის „დინამო“, რადგან მისი არენა ახალი აშენებულია.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა მთავრობის გადაწყვეტილებით შემუშავდა. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა.