ირაკლი ქარსელაძე - ევროპის ჩემპიონატისთვის სპორტული ინფრასტრუქტურა უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ღირსეულად ჩასატარებლად, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობას იწყებს.
ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, როგორც სათამაშო, ასევე სავარჯიშო მოედნები იქნება უეფას შესაბამისი სტანდარტების მიხედვით გაკეთებული, რომელიც ითვალისწინებს როგორც საინჟინრო ასევე საფარის, სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის არსებობას და შესაბამისი სტანდარტებით განვითარებას.
ირაკლი ქარსელაძემ ასევე აღნიშნა, რომ უეფას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ჩემპიონატის მასპინძლობას ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო არენაზე საქართველოს წარმოჩენას.
ამასთან, აღინიშნა, რომ ჩემპიონატის ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას უფრო დაეხმარება და მომავალში არაერთი საერთაშორისო დონის ღონისძიების შესაძლებლობას შექმნის.
სამინისტროს ინფორმაციით, ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა. სავარჯიშო მოედნები განთავსებულია თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელსვე დაიწყება.
გარდა ამისა, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის განკარგულებით, პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა.
საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს 2023 წელს, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ჩემპიონატის ფარგლებში, თამაშები გაიმართება საქართველოს სამ ქალაქში.
უწყების ინფორმაციით, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია.