კამილ ნოვაკი - დარწმუნებული ვარ, საქართველო ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლებს​ #1TVSPORT

საქართველომ 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის სამასპინძლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და პროგრესი სახეზეა – ასეთი შეფასება გააკეთა თბილისში ჩამოსულმა ფიბა-ს 15-კაციანმა დელეგაციამ, რომელსაც ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი, კამილ ნოვაკი ხელმძღვანელობს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვიქტორ სანიკიძესთან და გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილთან ერთად, ასევე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებთან, სოსო გიორგაძესა და იოსებ ბაღათურიასთან ერთად ევრობასკეტისთვის მშენებარე, 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი დაათვალიერეს.

ბოლო სიახლე ისაა, რომ დარბაზში, ფაქტობრივად, დასრულდა პარკეტის დაგება, ტაბლოების ნაწილი დამონტაჟდა და ნაწილიც მონტაჟდება, ხოლო ინდივიდუალური სკამები დაგებულია.

კამილ ნოვაკმა დადებითად შეაფასა მიმდინარე სამუშაოები და აღნიშნა, რომ საქართველოში მისი წინა ვიზიტის შემდეგ, რომელიც 2021 წლის დეკემბერში შედგა, პროგრესი აშკარაა. გადაწყვეტილია, რომ ახალ დარბაზში პირველი მატჩი 4 ივლისს გაიმართება – საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთს უმასპინძლებს.

„ჩემი წინა ვიზიტის დროს უკმაყოფილო დავრჩი და ევრობასკეტამდე დარბაზის მშენებლობის დასრულების პერსპექტივას სკეპტიკურად ვუყურებდი. თუმცა, შეფერხებები არ გამკვირვებია, რადგან პანდემიის გამო ანალოგიური პრობლემები ბევრ ქვეყანაში შეიქმნა. ახლა სრულიად სხვა განწყობა მაქვს, რადგან მშენებლობა კარგად მიდის და პროგრესი აშკარაა. შთამბეჭდავი დარბაზია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დარბაზი მრავალფუქციურია და სხვადასხვა სახეობების ტურნირების ჩატარება შეიძლება. რაც შეეხება სატესტო მატჩს, ეს ესპანეთთან 4 ივლისს გაიმართება და დარწმუნებული ვარ, დარბაზი გამოცდას ჩააბარებს“, – განაცხადა ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა.