ორი მილიარდი წლის წინ დედამიწაზე სიცოცხლის კატასტროფული გადაშენება მოხდა - ახალი კვლევა
ალბათ აქამდეც გსმენიათ, რომ დედამიწამ წარსულში ხუთი მასობრივი გადაშენება გადაიტანა. ამ ოდენობის შესახებ ნამარხებიდან ვიცით, მაგრამ ეს სურათი არასრულია, რეალობასთან ახლოსაც კი არ არის.
უძველეს ქანებში აღმოჩენილი მტკიცებულებები მეტყველებს, რომ ჩვენი პლანეტის ისტორიაში უძველესი გადაშენება დიდი ალბათობით ერთუჯრედიან ორგანიზმებს შორის მოხდა, ორ მილიარდზე მეტი წლის წინ. ახალი ანალიზები კი მიუთითებს, რომ ეს მომაკვდინებელი მოვლენა გაცილებით მასშტაბური იყო, ვიდრე ნებისმიერი შემდეგი, მათ შორის დინოზავრების ამოწყვეტაც კი.
სტენფორდის უნივერსიტეტის გეოლოგის, მალკოლმ ჰოდგსკისის განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მაშინაც კი, როცა დედამიწაზე ბიოლოგია მთლიანად მიკრობებისგან შეიცავს, მაინც შეიძლება მოხდეს უდიდესი გადაშენება, რომლის შესახებ ცნობებს ნამარხებიც კი არ შემოინახავს.
ამ პერიოდს მკვლევრები „ნადიმისა და შიმშილის“ ამბავს უწოდებენ, რომელიც კომპლექსური სიცოცხლის განვითარებამდე, გაცილებით ადრე იდგა. 2,4 მილიარდი წლის წინ, დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადი საკმაოდ მწირად იყო, ეს აირი ძირითადად ჩაჭედილი იყო მინერალებში ან წყალში.
ამის შედეგ გამოჩნდა ციანობაქტერია; ზღვის ამ ციცქნა ორგანიზმს ფოტოსინთეზის უნარი ჰქონდა, მზის სხივების გამოყენებით ჰაერში ჟანგბადს უშვებდა.
დადგა ე. წ. დიდი დაჟანგვის მოვლენა (GOE), როდესაც სიცოცხლე გაიფურჩქნა, გამრავალფეროვანდა და გავრცელდა. ამის შემდეგ, გარკვეული მიზეზით, უეცრად ყველაფერი აირია და დადგა კატასტროფული დასასრული.
მიზეზის გასარკვევად, სტენფორდის მეცნიერებმა მიმართეს მინერალ ბარიტს, რომელიც სუბარქტიკულ კანადაში, ბეჩლერის კუნძულებზე მოიპოვება. იქ ლანდშაფტი მილიარდობით წლის წინანდელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინახავს ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის დიდი ხნის ჩანაწერებს.
ამ ქანებში არსებული ჟანგბადის, გოგირდისა და ბარიუმის იზოტოპების გაზომვის შემდეგ, კვლევის ავტორებმა იპოვეს უარყოფითი ჟანგბადის იზოტოპები, რომლებიც დიდი დაჟანგვის მოვლენიდან მალევეა წარმოქმნილი, დაახლოებით 2,05 მილიარდი წლის წინ. ამას უნდა დასჭირვებოდა პირველადი წარმოების ბაქტერიების სწრაფი შემცირება, სავარაუდოდ ხუთჯერ ან პოტენციურად 200-ჯერ.
ავტორთა განცხადებით, ასეთი უზარმაზარი კოლაფსი სავარაუდოდ გამოწვეული იყო კრიტიკულად საჭირო საკვები ნივთიერებების ნაკლებობით, მაგალითად, ფოსფორის, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია ციანობაქტერიის გადანაწილებისა და განვითარების განსაზღვრისთვის.
როგორც ავტორები წერენ, ასეთი ვარდნის მიზეზი სავარაუდოდ იყო ბიოსფეროს საკვები ნივთიერებების დიდად შემცირება, რაც დაკავშირებულია დიდი დაჟანგვის მოვლენასთან; ამას კი მოჰყვა მილიარდ-წლიანი ინტერვალი, რომელიც გამოირჩეოდა მნიშვნელოვნად დაბალი და სტაბილური ზრდით.
ეს აღმოჩენა მხარს უჭერს „ჭარბი ჟანგბადის“ თეორიას, რომლის მიხედვითაც, როცა ოკეანეში ჟანგბადის გამომყოფმა მიკროორგანიზმებმა პირველად იფეთქეს, მათმა ოდენობამ კრიტიკულად მაღალ ნიშნულს მიაღწია და უკვე აღარ ჰყოფნიდათ საკვები ნივთიერებები, რამაც ატმოსფეროში ჟანგბადის შემცირება გამოიწვია.
ახალი მონაცემები კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებას, რომ საკვების ნაკლებობა მჭიდროდ არის მიბმული ატმოსფეროში ჟანგბადის დონესთან.
პრინსტონის უნივერსიტეტის გეოქიმიკოს პიტერ კროკფორდის განცხადებით, ამ ოდენობის ჟანგბადი მოითხოვდა დედამიწის შორეულ წარსულში, ოკეანეში ბინადარ ძალიან ბევრ მიკროორგანიზმს.
მისივე თქმით, ახლა უკვე შესაძლებელია დავიწყოთ იმის გარკვევა, რანაირი იყო დედამიწის ატმოსფეროს შემადგენლობა ამ ბიოლოგიური პერიოდში.
თუკი ჯგუფის მოსაზრებები მართებულია, ეს მომაკვდინებელი მოვლენა, რომელმაც შორეულ წარსულში მიკროორგანიზმები მოსპო, უნდა ყოფილიყო ყველაზე მკაფიო ბიოტური ცვლილება დედამიწის ისტორიაში, ისეთ შემთხვევებზე უფრო მასშტაბური, როცა პლანეტის მცენარეული და ცხოველური სიცოცხლის ორ-მესამედზე მეტი გაწყდა.
კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.