ორი ლიტვური კომპანიის ექსპერიმენტი - თანამშრომლების შრომის ეფექტიანობის გაზრდა სამუშაო საათების შემცირებით და ხელფასის გაზრდით
ორი ლიტვური კომპანია თანამშრომლების სიზარმაცეს, ყავის ხშირ სმასა და ინტერნეტში გართობას სამუშაო საათების შემცირებითა და ხელფასის შენარჩუნებით ებრძვის. როგორც სააგენტო Delfi წერს, ასეთ განსხვავებულ მიდგომას კომპანიების Engineer-ისა დაValandinis-ის ხელმძღვანელობებმა მიმართეს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე კვირიდან მათ დასაქმებულები შვიდსაათიან სამუშაო დღეზე გადაიყვანეს. ექსპერიმენტის დაწყებიდან ნახევარ წელიწადში ისინი სამუშაო დღის კიდევ ერთი საათით შემცირებას აპირებენ. ამგვარად თანამშრომლები დილის 09:00-დან 15:00 საათამდე იმუშავებენ. თუ ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგება, მომავალში კომპანიების ხელმძღვანელებმა სამუშაო დღე შესაძლოა, კიდევ ერთი საათით შეამცირონ და თანამშრომლები 14:00 საათამდე ამუშაონ.
კომპანია Engineer-ის ხელმძღვანელი ვიტაუტას ბარტუშისი ამბობს, რომ სამუშაო დღის შემცირებას დიდი ხანია, გეგმავდა.
„არავისთვის არის საიდუმლო, რომ არც ერთი დასაქმებული 100%-ით არ იყენებს თავის სამუშაო დროს. ჩვენი მიზანია თანამშრომლების მოტივაცია და ისეთი პირობების შექმნა, რომ სამუშაო დროს ადამიანები უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებული საქმეზე. ამიტომ, ჩვენ სამუშაო დრო ერთი საათით შევამცირეთ. თუმცა, მომავალში ვაპირებთ, მხოლოდ 14:00 საათამდე ვიმუშაოთ. მიგვაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილება გააუმჯობესებს ატმოსფეროს კოლექტივში, თანამშრომლები უფრო მეტ დროს დაუთმობენ საკუთარ თავსა და ოჯახებს, კომპანიის მიზანი კი, კარგი განწყობის მოგებად გარდაქმნაა“, – განაცხადა ბარტუშისმა.
კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ თანამშრომლები ახალ ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ.
„იყო სიხარულის ორი პერიოდი. ერთი – როდესაც შევატყობინეთ, რომ სამუშაო დღეს ვამცირებთ, მეორე კი – როდესაც გაიგეს, რომ ხელფასი არ იცვლება და შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც“, – განაცხადა ბარტუშისმა.
ლიტვური საინფორმაციო ბიზნესპორტალის Rekvizitai.lt-ის ინფორმაციით, კომპანია Engineer-ში ივლისში საშუალო ხელფასი 1300 ევროს შეადგენდა, Valandinis-ში კი – 1400 ევროზე მეტი იყო.