ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს კორონავირუსის სწრაფი ტესტი, რომელიც პასუხს 30 წუთში იძლევა
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს კორონავირუსის სწრაფი ტესტი, რომელიც პასუხს 30 წუთში იძლევა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ახალი კორონავირუსის ტესტი, რომელიც პასუხებს ამჟამინდელი სწრაფი ტესტირების მეთოდზე დაახლოებით სამჯერ სწრაფად იძლევა; გარდა ამისა, მოითხოვს შედარებით მარტივ ტექნიკურ აღჭურვილობას. გარდა ამ უპირატესობებისა, ტესტის შემქმნელ მეცნიერთა განცხადებით, მან შეიძლება, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში ინფექცია ადრეულ ეტაპზევე დააფიქსიროს და შედეგების წაკითხვა „შეუიარაღებელი თვალითაც იყოს შესაძლებელი“; ეს ფაქტი ტესტს უფრო ხელმისაწვდომს გახდის სამედიცინო დაწესებულებებისა და პროფესიონალების ფართო დიაპაზონისთვის.

ოქსფორდის მკვლევართა მიერ შექმნილ ტესტს შედეგების ჩვენება სულ რაღაც ნახევარ საათში შეუძლია, უფრო სწრაფად, ვიდრე ამჟამინდელ უსწრაფეს მეთოდებს, რომლებიც ასევე ვირუსის რნმ-ს ეფუძნება, მაგრამ პასუხის მისაღებად 1,5-2 სთ სჭირდება. ახალი ტესტები უკვე შეამოწმეს ნამდვილ კლინიკურ ნიმუშებზე ჩინეთის ქალაქ შენჟენის ერთ-ერთ ჰოსპიტალში. ვირუსის შემცველ და არშემცველ 16 ნიმუშზე შემოწმებისას, ტესტებმა 100-პროცენტიანი სიზუსტე აჩვენა.

თუკი ტესტები ეფექტიანობას უფრო ფართო მასშტაბებში დაამტკიცებს, ეს იქნება უდიდესი მიღწევა ტესტირებაში, რადგან ამჟამინდელი სწრაფი ტესტირების მეთოდები სხვადასხვა ფაქტორებით არის შეზღუდული. ამჟამად, მეცნიერები ახდენენ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის რნმ-ის გამოყოფას და შემდეგ პროცესის ჩატარებას, რომლის დროსაც რნმ გადაიქცევა დნმ-დ, ამის შემდეგ კი დნმ-ის შემოწმება ხდება მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში, სპეციალური პოლიმერაზის ჯაჭვური რეაქციების მოწყობილობაში.

ამის ნაცვლად, ოქსფორდის ტესტს ამ პროცესი ჩასატარებლად და შედეგების მისაღებად სჭირდება მხოლოდ შედარებით მარტივი აღჭურვილობა. ტესტის შემქმნელი მეცნიერები ამჟამად მუშაობენ მის უფრო გამარტივებასა და მოქნილობაზე, რათა შესაძლებელი იყოს გამოყენება კლინიკებში, აეროპორტებში და სახლშიც კი.

ტექნოლოგია ჯერ მაინც ადრეულ ეტაპზეა და ფართო გამოყენებაში დანერგვამდე, საჭიროა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი.

მოსახლეობის დიდი ნაწილის ზუსტად და სწრაფად შემოწმება საკვანძო ელემენტია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. აღსანიშნავია, რომ უმეტეს ქვეყანაში ტესტს ამჟამად მხოლოდ მძიმე და აშკარა სიმპტომების ადამიანებს უტარებენ, რაც შეუძლებელს ხდის ასიმპტომური ინფიცირებულების გამოვლენას.

მომზადებულია techcrunch.com-ის მიხედვით.