ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი ხელსაწყო სხვადასხვა ქვეყნის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს შეადარებს
ოქსფორდის უნივერსიტეტმა გაუშვა მსოფლიოში პირველი ხელსაწყო, რომელიც გააკონტროლებს და შეადარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებათა მიერ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
ხელსაწყო, სახელად Oxford COVID-19 Government Response Tracker-ი, დაითვლის მონაცემებს 73 ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან. პანდემიის განმავლობაში ის მუდმივად განახლდება და უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ახალი ტრეკერი სისტემატიურად ჩაიწერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს და ქულებისგან გამოიყვანს საერთო „სიმკაცრის ინდექსს“. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ეს ინდექსი სხვა მეცნიერებს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს და უბრალო მოქალაქეებს დაეხმარება გაიგონ, ახდენს თუ არა გავლენას სულ უფრო და უფრო მკაცრი ზომები ინფიცირების მაჩვენებელზე; ამავე დროს გამოავლენს, რამ უბიძგა ხელისუფლებებს მკაცრი ან შედარებით მკაცრი ზომების შემოღებისკენ.
„რა თქმა უნდა, ჩვენს ინდექსს სრული ამბის გადმოცემა არ შეუძლია, მაგრამ გვჯერა, რომ ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემები გადაწყვეტილების მიმღებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს დაეხმარება შეაფასონ მთავრობის მიერ ვირუსის საპასუხოდ მიღებული გადაწყვეტილებების კეთილგონიერება; ამას გარდა, ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი იმის გასარკვევად, ზუსტად რა ზომები აღმოჩნდა გარკვეულ კონტექსტში ეფექტიანი და რატომ“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ბლავატნიკის მართვის სკოლის გლობალური საზოგადოებრივი პოლიტიკის ასოცირებული პროფესორი, პროექტის ხელმძღვანელი თომას ჰეილი.
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახადა დაეწყო დაავადების გავრცელების შესაჩერებლად მიმართული პოლიტიკის გატარება. ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი ხელსაწყო (Oxford COVID-19 Government Response) 11 ინდიკატორის მიხედვით შეაგროვებს საჯარო ინფორმაციას მთავრობების მიერ მიღებული საპასუხო ზომების შესახებ; მათ შორის იქნება სკოლების დახურვა, საჯარო ღონისძიებების გაუქმება, საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიები, ფისკალური და მონეტარული ზომები, ჯანდაცვის სფეროს გადაუდებელი ინვესტირება.
მთავრობის მიერ მიღებული საპასუხო ზომები ქვეყნიდან ქვეყანამდე მნიშვნელოვნად იცვლება; ნებისმიერი პოლიტიკური ინტერვენციის მსგავსად, მათი ეფექტი ძლიერ არის დამოკიდებული ადგილობრივ პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტზე. ნებისმიერი სხვა აგრეგირებული ინდექსის მსგავსად, რომელიც სხვადასხვა ინდიკატორებს აერთიანებს ზოგადი ინდექსის გამოსაყვანად, ოქსფორდის უნივერსიტეტის „სიმკაცრის ინდექსის“ მიზანი არ არის ამა თუ იმ ქვეყნის მიერ მიღებული საპასუხო ზომების მართებულობის ან ეფექტიანობის შეფასება; მისი ერთადერთი დანიშნულებაა, სახელმწიფოებს შესთავაზოს ერთმანეთის მიერ მიღებული საპასუხო ზომების შედარებისა და ერთმანეთისგან სწავლის გზები.
მონაცემებს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან შეაგროვებს ოქსფორდის უნივერსიტეტის ინტერდისციპლინარული ჯგუფი.
მომზადებულია bsg.ox.ac.uk-ის მიხედვით.