ოქსფორდის უნივერსიტეტი კორონავირუსის ვაქცინის გამოსაცდელად მოხალისეებს აგროვებს
ოქსფორდის უნივერსიტეტი კორონავირუსის ვაქცინის გამოსაცდელად მოხალისეებს აგროვებს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მათ მიერ შექმნილი ვაქცინის გამოსაცდელად მოხალისეებს აგროვებენ.

ვაქცინის კანდიდატი, სახელად ChAdOx1 nCoV-19 უნდა გამოიცადოს 18-55 წლამდე ასაკის 510 ჯანმრთელ ადამიანზე.

მოხალისეების შეგროვების პარალელურად, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიაში მიმდინარეობს ვაქცინის ტესტირება ცხოველებზე.

„ვაქცინების დამზადება ნულიდან ხდება და პროცესი უპრეცედენტოდ სწრაფად მიმდინარეობს. ეს ცდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება COVID-19-ის წინააღმდეგ მისი მოქმედების შესაფასებლად და შეიძლება, ეფექტიანი ვაქცინა გაცილებით ადრეც მივიღოთ“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯენერის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ადრიან ჰილი.

ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფი 2014 წელს ებოლას სწრაფ ვაქცინაზეც მუშაობდა. ჰილის თქმით, კორონავირუსმა ისინი უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა.

მკვლევართა ჯგუფს სჭირდება ადამიანები, რომლებიც COVID-19-ით არ არიან ინფიცირებული; სიაში ვერ მოხვდებიან სხვადასხვა პრეპარატზე მყოფი ადამიანები, ორსული და მეძუძური ქალები. ზოგიერთ მოხალისეს ვაქცინას გაუკეთებენ, ზოგიერთს კი საკონტროლო ინექციას და დააკვირდებიან შედარებებს. ვაქცინის ეფექტიანობის ამბავი რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი, რადგან საჭიროა უფრო დიდი ცდა და მონაწილეების იმუნურ პასუხებზე დაკვირვება.


ჯგუფმა ვაქცინაზე მუშაობა 10 იანვარს დაიწყო, იმავე დღეს, როდესაც ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ახალი კორონავირუსის დეტალური ინფორმაცია გადასცა. ამის შემდეგ, სწრაფად შეიქმნა კანდიდატი ვაქცინა, შემდეგ მოხდა ცხოველებზე ცდები და ამჯერად დადგა ადამიანებზე გამოცდის დროც.

ნორმალურ ვითარებაში, ადამიანებზე ცდები იქამდე არ იწყება, ვიდრე არ დასრულდება ექსპერიმენტები ცხოველებზე. თუმცა, იმის გამო, რომ სხვა დაავადებების ასეთივე ვაქცინები ცდებისას უსაფრთხო აღმოჩნდა, ამავე დროს თუ გავითვალისწინებთ პანდემიის სწრაფ გავრცელებას და საფრთხეებს, მუშაობა დაჩქარდა. ცდებს მწვანე შუქი უკვე აუნთო გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა და ეთიკური ნორმების ორგანოებმა.

„არსებობს გარკვეული რისკები, რადგან ადამიანებამდე ცდები შეიზღუდა ან გამოვტოვეთ, მაგრამ ვაქცინის სწრაფად მიღება გაცილებით მეტ სარგებელს მოგვიტანს, ვიდრე პოტენციური თეორიული რისკები“, — ამბობს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორი სტივენ ევანსი.

გაერთიანებული სამეფოს მთავარი სამეცნიერო მრჩეველი, სერ პატრიკ ვალანსი ამბობს, რომ ვაქცინის შექმნისათვის 12-18 თვეა საჭირო, მაგრამ ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯგუფს ის გაცილებით მალე უნდა ჰქონდეს მზად.

ვაქცინა შიდაკუნთური ინექციით გაკთდება და კორონავირუსიდან ორგანიზმის უჯრედებში რნმ-ის (გენეტიკური ინსტრუქცია) გადასატანად იყენებს უსაფრთხო, არარეპლიკაციურ ვირუსს.

მკვლევართა აზრით, საკმარისი უნდა იყოს ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა. ამავე პრინციპით მოქმედი ვაქცინები ეფექტიანად არის გამოყენებული ათასობით ადამიანში, მალარიის, ტუბერკულოზის, MERS-ის (კიდევ ერთი კორონავირუსული დაავადება) თუ ებოლას წინააღმდეგ.

ცდების პარალელურად, დაიწყება ვაქცინის წარმოება უფრო დიდი ცდისთვის. თუ ეს პროცესები წარმატებული აღმოჩნდა, ვაქცინის გადაუდებელი გამოყენება უკვე შესაძლებელი იქნება სამედიცინო პერსონალში, ხანდაზმულებში და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.

გარდა ბრიტანეთისა, COVID-19-ის ვაქცინაზე მსოფლიოში მეცნიერთა ათობით სხვა ჯგუფი მუშაობს. მათ შორის არის ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna, რომელმაც ადამიანებზე ცდა უკვე დაიწყო.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.