ოქროს ნანონაწილაკებით მეცნიერებმა ღვინის არომატის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა გადაჭრეს — #1tvმეცნიერება
ოქროს ნანონაწილაკებით მეცნიერებმა ღვინის არომატის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა გადაჭრეს — #1tvმეცნიერება

იმ ყველაფრის გარდა, რაც მეღვინეებმა სრულყოფილი ღვინის წარმოებისას უნდა გაითვალისწინონ, არის სასმლის სუნიც: ღვინის წარმოების გარკვეულ ტიპებში, ეს სუნი შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო იყოს.

არომატი, რომელსაც ბევრი ლაყე კვერცხს, რეზინს ან სიმინდის კონსერვს ადარებს, ხშირად საკმაოდ პრობლემურია და წარმოიქმნება სითხეში აქროლადი გოგირდის ნაერთებით (VSC). ეს ნაერთები ზემოქმედებს როგორც წითელ, ისე თეთრ ღვინოზე, მსხვილმასშტაბიან თუ მცირე წარმოებებში და ამ ინდუსტრიის ძვირად ღირებულ თავის ტკივილს წარმოადგენს.

ავსტრალიის ღვინის კვლევების ინსტიტუტისა და ფლინდერსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ამ პრობლემის ახალ გამოსავალს მიაგნეს: ოქროს ნანონაწილაკები, რომელსაც დიდი ოდენობით გოგირდის მოცილება სწრაფად და ეკომეგობრული გზით შეუძლია.

„აქროლადი გოგირდის ნაერთები, მაგალითად, წყალბადის სულფიდი, მეთანთიოლი და ეთანთიოლი, ღვინის პრობლემურ არომატებთან არის დაკავშირებული და სწორედ მათზე მოდის ღვინის დეფექტების დაახლოებით 30 პროცენტი. ამ ნაერთებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ღვინის სურნელსა და ხარისხზე და შესაბამისად, მომხმარებელთა არჩევანზე“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

მკვლევრებმა ოქროს ნანონაწილაკები აირჩიეს ოქროს იმ თვისების გამო, რომლითაც ის გოგირდის გარკვეულ მოლეკულებს ბოჭავს. მკვლევართა ჯგუფმა ნეიტრალური სუბსტრატის ზედაპირი სპეციალურად შექმნილი პლაზმის თხელი პოლიმერული ფენით დაფარა, შემდეგ კი მასზე ნანონაწილაკები მიამაგრა.

ლაბორატორიაში, ნანონაწილაკებით გაძლიერებული საფარის მქონე პატარა ზოლები აქროლადი გოგირდის ნაერთების მაღალი შემცველობის მქონე წითელი და თეთრი ღვინის ნიმუშებზე დატესტეს. აღმოჩნდა, რომ ზემოქმედებიდან 24 საათის შემდეგ, ღვინიდან გაქრა თავისუფალი წყალბადის სულფიდის 45 პროცენტი, ისევე როგორც სხვა არასასურველი აქროლადი გოგირდის ნაერთები, მათ შორის მეთანთიოლი.

უნდა აღინიშნოს, რომ ზედაპირის საფარი საკმაოდ უნივერსალურია. მისი გამოყენება შესაძლებელია აღჭურვილობაში, ღვინის წარმოების პროცესში — საფილტრი მოწყობილობებიდან და სალექარებიდან დაწყებული, ღვინის შესაფუთი მასალებით დამთავრებული.

„ახალი მიდგომის მთავარი სარგებელი ის არის, რომ ადვილად გამოსაყენებელი და მიღწევადია. არსებითად ის ერთსაფეხურიანი პროცესია, რომელშიც ჭკვიანი ზედაპირი პირდაპირ ღვინოს ამატებენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი აცლიან“, — ამბობს ავსტრალიის ღვინის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი აგნიესკა მიერჩინსკა-ვასილევი.

ამ პროცესის ლაბორატორიიდან გამოსვლას და კომერციულ პროცესში დანერგვას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ადრეული შედეგები ძლიერ იმედისმომცემია ღვინის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

აქროლადი გოგირდის ნაერთების შემცირების თვალსაზრისით ახალი მეთოდი გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ამჟამინდელი მიდგომა, რომელიც გოგირდის სულფატის დამატებას გულისხმობს და რასაც თან ახლავს საკუთარი პრობლემები: ღვინოს სხვა არასასურველ გემოს აძლევს და მისი გამოყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზებით რეგულირდება.

გარდა ამისა, გოგირდის სულფატის ვარიანტი მრავალსაფეხურიანი პროცესია, ოქროს ნანონაწილაკების მასალა კი გაცილებით პირდაპირი და მარტივი. ღვინოში მას გარკვეული პერიოდით ათავსებენ, შემდეგ კი იღებენ.

„სპილენძით დაწმენდის მდგრად, არატოქსიკურ ალტერნატივას სასარგებლო გავლენა ექნება გარემოსა და ეკონომიკაზე“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა npj Science of Food-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.