ოპოზიციური პარტიები აჭარის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაშიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ
აჭარაში ოპოზიციური პარტიები უმაღლესი საბჭოს შემთხვევაშიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ.
სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები უმაღლეს საბჭოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გასული წლის შემოდგომაზე უკვე ინიცირებული იმ კანონპროექტის განხილვას ითხოვენ, რომლითაც არჩევნები სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის, თუმცა მზად არიან, მმართველი გუნდის წინადადებებიც განიხილონ.
„პარლამენტში შეთანხმების შესაბამისი ცვლილებების პარალელურად, მოვითხოვთ, უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრაზე დააყენოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკვე ინიცირებულია, რომლის საყოველთაო-საჯარო განხილვებიც უკვე მოეწყო და გაურკვეველი მოტივით აქამდე დევს. თუმცა მზად ვართ, მმართველ გუნდთან კონსულტაციებისთვის, თუ მათ აქვთ რამე წინადადება“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გუშინ პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ მოითხოვა.