ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებაზე რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს საპროცედურო კომიტეტი დღეს განიხილავს
პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებას შეეხება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს განიხილავს. დეპუტატები პროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ. პროექტი მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სესიაზე გავა. საკანონმდებლო წინადადებები დაჩქარებული წესით იხილება.
საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი უფრაქციო დეპუტატებს საშულებას მისცემს, საპარლამენტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩაერთონ. მისივე თქმით, ცვლილებები შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არის ნაკარნახევი და მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტზე გავრცელდება.
„პოლიტიკურ სუბიექტებს, იმ დეპუტატებს, რომლებიც უფრაქციო იქნებიან, მაგრამ არიან ოპოზიციაში, მიეცემათ საშუალება იმისა, რომ საპარლამენტო ცხოვრების ყველა სრულფასოვანი ბერკეტი მათ ხელშიც იყოს, მათ შორის დებატები ინტერპელაციის წესით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობა და ასე შემდეგ. ანუ ეს არის კეთილი ნება იმისთვის, რომ საპარლამენტო ცხოვრება ყოველმხრივ იყოს სრულმასშტაბიანი და სრულუფლებიანი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცვლილებების მიხედვით, ვიცე-სპიკერის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს. ასევე, კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას, ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ოთხკაციან ჯგუფს.
ამასთან, უფრაქციო დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, პოლიტიკურ დებატებში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტის განხილვების დროს, აგრეთვე ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში.
რეგლამენტში მომზადებულ ცვლილებებში ნათქვამია, რომ აღნიშნული გამონაკლისები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტს შეეხება.