46 ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ხვალ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს
46 ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ხვალ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს

46 ოპოზიციონერი დეპუტატი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვალ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს. მათმა ნაწილმა ამ საკითხზე დღეს პრესკონფერენცია გამართა.

ოპოზიციის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. კერძოდ, მათ გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო.

„აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითიც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი პარლამენტის წევრები, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ მოიწვიოთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2023 წლის 11 აპრილს, შემდეგი დღის წესრიგით:

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ ინიციატივის საფუძველზე, შეიქმნას საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხებია: სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობა, რომელიც უკანონოდ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებასა და მოსამართლეთა შერჩევა-დაწინაურებაში, მოსამართლეებზე უკანონო ზემოქმედების, კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები”, – აღნიშნულია მიმართვაში.

რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.