ოპოზიციის აქტივისტებმა გურამ მაჭარაშვილს ბრიფინგის გამართვის საშუალება არ მისცეს
ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, პარლამენტის დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
როგორც ისინი აცხადებენ, ქართველი ხალხის მოტყუებისთვის გურამ მაჭარაშვილი დაწინაურდა.
„ეს ადამიანი დააწინაურეს ღალატისთვის, ქართველი ხალხის მოტყუებისთვის, ეს ადამიანი გახდა კომიტეტის თავმჯდომარე. ეს იყო ინიციატორი იმისა, რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდა, ეს არის სამარცხვინო, ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი. მოვუვარდით ამ მაჟორიტარს და მივუვარდებით ყველა მაჟორიტარს, არ მივცემთ საშუალებას, რომ ასე თავისუფლად არ იარონ და არ ატყუონ ხალხი“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ბექა ნათელაშვილმა.
ამასთან, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თანამდებობებზე ახალი დეპუტატების დანიშვნა ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.
მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმას მხარს თავიდანვე არ უჭერდა, თუმცა 2021 წლისთვის საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა.
გურამ მაჭარაშვილმა შენობა სამართალდამცველების დახმარებით დატოვა.