ონკოპაციენტი - დაავადების მეოთხე სტადიის გამო ძვირადღირებული პრეპარატების დაფინანსებაზე უარი მითხრეს
მას შემდეგ, რაც ძუძუს მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა, რაც გამაჩნდა, ყველაფერი გავყიდე, – ამის შესახებ ონკოპაციენტმა, მაია ტურაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გარდა ამისა, დამეხმარა ძალიან ბევრი ადამიანი, რისთვისაც ყველას მადლობა მინდა ვუთხრა. დაავადების აღმოჩენის შემდეგ გორიდან თბილისში გადმოვეწერე, რადგან დიდი იმედი მქონდა, დავფინანსდებოდი. გასული წლის ნოემბერში თბილისის მერიაში შევიტანე თხოვნა, რომ მიმეღო პრეპარატი ჰერცეპტინი და პერჯეტა, რომელიც 8 000 ლარი ღირს. მერიიდან გამოსული, მეტრომდეც არ ვიყავი მისული, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ პროგრამაში ვერ მოვხვდი და ვერც მოვხვდებოდი, რადგან კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებდი“, – განაცხადა ტურაშვილმა.
მისი თქმით, უარის მიზეზი ის იყო, რომ პაციენტი თბილისში ერთი წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა.
„ამ დაავადებისთვის ერთი წამიც მნიშვნელოვანია და ერთი წელი ლოდინი არ შეიძლება. მე ტყუპი გოგონები მყავს და სიცოცხლე მინდა“, – განაცხადა ონკოპაციენტმა.
როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიაში განცხადება 2018 წლის 8 იანვარს განმეორებით შეიტანა, მაგრამ მეორედაც უარი მიიღო.
„ვიფიქრე, რაკი ერთი წელი გავიდა, იქნებ, დამაფინანსონ მეთქი, მაგრამ მერიიდან ანალოგიური პასუხი მივიღე. მიზეზად ის დამისახელეს, რომ დაავადების მე–4 სტადია მაქვს. ანუ, ჩვენ, ვისაც დაავადების მე–4 სტადია გვაქვს, განაჩენი უკვე გამოტანილი გვაქვს. დიახ, ჩემთვის და ჩემისთანა უამრავი ქალისთვის ეს განაჩენია“, – განაცხადა ტურაშვილმა.
ონკოპაციენტის განცხადებით, პრეპარატის მხოლოდ თბილისში მცხოვრები ქალბატონებისთვის დაფინანსება დისკრიმინაციაა.
„შესაძლოა, ეს მერიის ბრალი არ არის, მაგრამ ეს ხომ სახელმწიფოა და ვფიქრობ, ის ადამიანებიც უნდა ფინანსდებოდნენ, რომლებიც მცხეთის იქით ცხოვრობენ“, – განაცხადა ტურაშვილმა.
როგორც მაია ტურაშვილმა თქვა, დღეის მდგომარეობით, ძვირადღირებული პრეპარატებით მკურნალობა მას 200 000 ლარი დაუჯდა.
„მაინტერესებს, რატომ ღირს პრეპარატი პერჯეტა თურქეთის აფთიაქებში სამჯერ ნაკლები, ვიდრე საქართველოში?! გარდა ამისა, როცა მე მკურნალობა დავიწყე, პრეპარატი ჰერცეპტინი 3 800 ღირდა და არა 2 000, როგორც ეს ბატონმა გელა ჩივიაშვილმა ბრძანა“, – განაცხადა მაია ტურაშვილმა.