ლადო კახაძე - ადამიანებო, იმედიანად იყავით, ონკოლოგია განკურნებადია
ლადო კახაძე - ადამიანებო, იმედიანად იყავით, ონკოლოგია განკურნებადია

ადამიანებო, იმედიანად იყავით, ონკოლოგია განკურნებადია, – ამის შესახებ ექიმმა რადიოლოგმა, ლადო კახაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თქვენ თქვენს წილ ვალდებულებებს მოეკიდეთ პასუხისმგებლობით, ჩვენ, ექიმები ჩვენს წილ ვალდებულებებს მოვეკიდებით და ადმინისტრაციული, სახელმწიფო, სატელევიზიო მხარდაჭერითა თუ პროგრამებით უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ. მადლობა ყველა იმ ექიმს, ვინც ჩვენამდე მოიტანა იდეა, რომ ონკოდაავადებასთან ბრძოლა შეიძლება და რომ ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. დღეს უკვე, ცივილიზაციამ ამ დაავადებას აჯობა“, – განაცხადა კახაძემ.

მისი თქმით, ონკოლოგია, როგორც დაავადება გაახალგაზრდავდა.

„ეს ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის არის ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ეკოლოგიური გარემო, გენმოდიფიცირებული საკვები, რომელსაც ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, თვითმკურნალობა, ექიმსა და პაციენტს შორის უნდობლობის ფენომენის გაზრდა და ა.შ“, – განაცხადა კახაძემ.

როგორც ექიმმა რადიოლოგმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, დიაგნოზი ზუსტი და დროული უნდა იყოს.

„ექიმთან მიმართვისა და მისთვის ჩივილის გაზიარების კულტურა რაც უფრო მოიმატებს, დაავადების გამოვლენა მით ადრეულ სტადიაში გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა კახაძემ.

ლადო კახაძემ ქალბატონებს მოუწოდა, სასიცოცხლო ინტერესების მატარებელ სისტემებს, სარძევე ჯირკვალსა და საშვილოსნოს მეტი ყურადღება მიაქციონ.

„ნე შეწყვეტთ ძუძუთი კვებას დროზე ადრე, რადგან ეს ონკოდაავადების გამომწვევი ერთ–ერთი მიზეზია. მოერიდეთ მექანიკურ ტრავმებს, ჰორმონალურ დისბალანსსა და რადიაციულ ზეწოლას. შვილებო, გთხოვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ციკლის დარღვევის, ან აციკლიური სისხლის დენის დროს. ჰიგიენის დროს თვითონვე მოისინჯეთ სარძევე ჯირკვალი და პირველივე დისკომფორტზე, ანუ ტკივილის, სიწითლის, ან კერტიდან სისხლიანი მცირე გამონადენის შემჩნევის, იღლიის ფოსოში, ან მკერდზე უცხო წარმონაქმნის შეგრძნების შემთხვევაში ექიმს მიმართეთ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ექიმმა რადიოლოგმა, ლადო კახაძემ პარლამენტის წევრებს თხოვნით მიმართა, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება გაუზარდონ.

„ჯანდაცვის სამინისტროს კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის ეპარება, რომ გამოყოფილი თანხები სწორად განაწილდება, მაგრამ მათ ეს თანხა უნდა მივცეთ. ზოგადად, ჯანდაცვის დაფინანსების პრობლემა მსოფლიოში მწვავედ დგას და გაბრაზებულზე ხშირად მითქვამს, რომ მსოფლიო კაცის მოსაკვდინებლად გაცილებით მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე – მის გადასარჩენად“, – განაცხადა ლადო კახაძემ.