ეკატერინე ადამია -  პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა
ეკატერინე ადამია -  პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა

სამწუხაროდ, მეტასტაზური ფორმების მედიკამენტის, პერჯეტას დაფინანსება ჩვენი პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული არ არის, – განაცხადა ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობების გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, ყველა მედიკამენტის დაფინანსება მოხდეს“, – განაცხადა ეკატერინე ადამიამ, რითაც ის გადაცემაში სტუმრად მყოფი ონკოპაციენტის, მაია ტურაშვილის პრობლემას გამოეხმაურა, რომელსაც თბილისის მერიამ პრეპარატი არ დაუფინანსა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა მეტასტაზური ფორმების მედიკამენტების დაფინანსება, ადამიამ თქვა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიდის, თუმცა, ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა არსებული წესი გადაიხედოს და პაციენტებმა ონკოდაავადებებისთვის განკუთვნილი პრეპარატების მისაღებად სპეციალურ საბჭოს ყოველთვიურად არ მიმართონ, ადამიამ აღნიშნა, რომ თუ რაღაც ტექნიკური პრობლემა არსებობს, შესაძლებელია, გაცემის წესი შეიცვალოს და რამდენიმე თვისთვის საკმარისი მედიკამენტი ერთბაშად გაიცეს.

„ეს ტექნიკური დეტალია, რომელიც სამუშაო პროცესში ძალიან მარტივად შეიძლება გასწორდეს. ეს იოლად მისაღწევია“, – განაცხადა ადამიამ.

ეკატერინე ადამიამ ასევე თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი სიახლე აქვს.

„ეს არის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. დროულად ჩატარებული ვაქცინაცია პაციენტს 100%–ით იცავს. წელს, პირველი ეტაპი, 9 წლის ასაკის გოგონების ვაქცინაცია დავიწყეთ და ყველას მოვუწოდებ, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ“, – განაცხადა ეკატერინე ადამიამ.